Accentnews.ge
„როსავიაციამ“ ტვერში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფთა სია გამოაქვეყნა

„როსავიაციამ“ ტვერში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფთა სია გამოაქვეყნა

23/08/2023 20:18:54 მსოფლიო

„როსავიაციამ“ ტვერის რეგიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფთა სია გამოაქვეყნა.

კერძოდ, რუსული სახელმწიფო უწყების ცნობით, რომელიც ავიაკომპანიას ეყრდნობა, Embraer - 135 (EBM-135BJ)–ის ბორტზე შემდეგი მგზავრები იმყოფებოდნენ: პროპუსტინი სერგეი, მაკარიან ევგენი, ტოტმინ ალექსანდრე, ჩეკალოვი ვალერი, უტკინ დიმიტრი, მატუსევი ნიკოლაი, პრიგოჟინ ევგენი.

ეკიპაჟის წევრები იყვნენ: ლევშინ ალექსეი – მეთაური; კარიმოვი რუსტამი – მეორე პილოტი; რასპოპოვა კრისტინა – ბორტგამცილებელი.

"Embraer - 135 (EBM-135BJ) თვითმფრინავის ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცით სარგებლობის დადგენილი წესით გაცემული ნებართვის საფუძველზე",– აცხადებენ "როსავიაციაში".

მანამდე "ვაგნერთან" დაახლოებულმა ტელეგრამ–არხმა დაწერა, რომ უტკინი და პრიგოჟინი რუსეთის ღალატის შედეგად დაიღუპნენ.

„ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსეთის გმირი, თავისი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი - ევგენი ვიქტორის ძე პრიგოჟინი რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად დაიღუპა. ის ჯოჯოხეთშიც კი საუკეთესო იქნება! დიდება რუსეთს!“ - წერს “ვაგნერის” დაჯგუფებასთან დაკავშირებული არხი Gray Zone.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი.

"ცარგრადი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უტკინის და პრიგოჟინის ცხედრები იდენტიფიცირებულია, თუმცა უახლოეს მომავალში ჩატარდება გენეტიკური გამოკვლევა.

რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, შემთხვევის ადგილზე რვა ცხედარი იპოვეს. "ბაზას" ცნობით, თითქმის ყველა მათგანი ძლიერ არის დაზიანებული და გენეტიკური ანალიზი გახდება საჭირო იდენტიფიცირებისთვის.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ვალდაიში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციიდან არც თუ ისე შორს ოთხი S-300–ია განთავსებული,– განუცხადა რუსეთის მთავრობიდან წყარომ The Moscow Times-ს.

მისი თქმით, ის, რაც პრიგოჟინის თვითმფრინავს დაემართა და თავად ვარდნის ადგილი, არ არის შემთხვევითი, არამედ, მაღალი ალბათობით, სასჯელი აჯანყებისთვის: „24 ივნისს მსვლელობა მოსკოვზე, 24 აგვისტოს ორი რაკეტა. ყველაფერი ლოგიკურია. თვითმფრინავი [პუტინის] რეზიდენციიდან ფაქტოფრივად 50 კილომეტრში ჩამოვარდა“, - უთხრა გამოცემას წყარომ.

თუ პრიგოჟინი მართლაც იმყოფებოდა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში, მიზეზი ივნისში მის ამბოხებაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც მან თავად უწოდა "სამართლიანობის მსვლელობა", - თქვა წყარომ.

ორი თვის წინ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა პრიგოჟინის მეთაურობით მოაწყვეს შეიარაღებული მარში მოსკოვზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ამბოხების კვალიფიკაცია მისცა. ამასთან, „ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ ბელარუსში გადავიდნენ. მაგრამ პრიგოჟინი დროის უდიდეს ნაწილს კვლავაც რუსეთში ატარებდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

21 აგვისტოს გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი ამბობს, რომ აფრიკაში იმყოფება. მან ახალი დაქირავებული ჯარისკაცების აყვანის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S