ირაკლი კობახიძე: ვნანობ, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე
16/08/2023 14:35:00 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც რაჭაში იმყოფება, აცხადებს, რომ შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს შეხვდა.
„მე მქონდა სატელეფონო საუბარი დავით ჯელაძესთან, ასევე შევხვდი მას. პირველი რაც მინდა, გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა, გაგიზიაროთ, დათო გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცია. მან დეტალურად გაიხსენა ისტორია, რომელიც გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დისშვილი მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაეყვანა. თავის თავს აჯობა ისეთი გზა გაიარა.
მე მინდა, განვმარტო რაზე იყო საუბარი, იყო ბრიფინგი სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე, იცით რომ ხშირად ყალბი ფოტოები ვრცელდება და არც ვიცოდი ვის მიერ იყო დადებული და რა იყო ასახული. აქედან გამომდინარე კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში. სინანული მინდა, გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. ეს არის დასანანი", – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ":
"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი".
მან დავით ჯელაძის შესახებაც ისაუბრა:
"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით".
ირაკლი კობახიძის აღნიშნულ განცხადებას, როგორც დავით ჯელაძის, ისე საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ამავე თემზე: ღვარცოფში მცირეწლოვან დისშვილთან ერთად მოყოლილი ჯელაძე კობახიძეს მიმართავს: "ეს რა თქვი?!".
"ქართული ოცნების" რიგი წარმომადგენლები კობახიძის მიერ 14 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას "მართებულს" უწოდებდა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა:
მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "შოვში გადარჩენილი მოქალაქეების თავგანწირვაში არავის ეპარება ეჭვი":
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი, 7 პირს ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.


