
ღვარცოფს გადარჩენილი კობახიძეს პასუხობს: "გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს"
14/08/2023 09:22:37 საზოგადოება
შოვში, მეწყერში მოყოლილი მარიამ ბერიანიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც სპეკულაცია უწოდა გადარჩენილის მონათხრობს, რომ ბავშვი ღვარცოფს სამი საათი ებრძოდა.
"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ, ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე", - წერს ბერიანიძე სოციალურ ქსელში.
14 აგვისტოს კობახიძემ განაცხადა, რომ "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ".
"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.
მან ერთ–ერთი გადარჩენილის – დავით ჯელაძის შესახებაც ისაუბრა.
"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით", - უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას.
მარიამ ბერიანიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც შოვში მეწყერში მოყვა და გადარჩენა შეძლო. ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მოხვდა. ის, ასევე სხვა გადარჩენილებიც ყვებოდნენ, რომ ღვარცოფიდან თავის დაღწევას დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მათ პირველი დახმარება ადგილობრივმა ახალგაზრდებმა აღმოუჩინეს.