Accentnews.ge
კობახიძე: მეტი ადამიანის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო

კობახიძე: მეტი ადამიანის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო

14/08/2023 07:35:55 პოლიტიკა

მეტი ადამიანის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

"სპეკულაციები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენის საშუალება იქნებოდა. რაც უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაციაა. ლოკაცია, სადაც სტიქია მოხდა და ადგილზე გაეცნო ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ვინც ღვარცოფის მასაში მოყვა, გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა", - განაცხადა კობახიძემ.

მისი მტკიცებით, ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო – მაშველები დრონების საშუალებით ახერხებდნენ ყველა საჭირო ოპერაციის ჩატარებას.

"როცა საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვის საშუალებით აქ არ არის საუბარი მაინც და მაინც პროჟექტორებზე - არის სპეციალური აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია ვერტმფრენში, რომელიც უბრალოდ ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, იმავეს გაკეთება შეუძლია დრონს.

ვერტმფრენი თავისი ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია, როცა საჭიროა იდენტიფიცირება და მყისიერად ამ იდენტიფიცირებული ობიექტის მყისიერად გამოყვანა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია მანამდეც სრულად დათვალიერებული იყო დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო და ვერტმფრენების ჩართვას დამატებითი საფუძველი არ ჰქონდა", - თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, მან სპეკულაცია უწოდა და თქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი დაწყებულია იმისათვის, რომ ყველა დეტალი იქნას შესწავლილი.

როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო პროცესს წარმართავს საქართველოს პროკურატურა:

"სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები, თუმცა აქაც ახერხებს სამწუხაროდ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა. არის გარკვეული საკითხები რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერა. მათ ცადეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ქულების დაწერა, მთელი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი. მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირებას, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება“.

სტიქია შოვს 3 აგვისტოს დაატყდა თავს. ამ დროისთვის ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, 9 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S