
2000–2000 ლარით დააჯარიმეს უკრაინელი და კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც ბათუმში ASTORIA GRANDE-ს ჩასვლას აპროტესტებდნენ
11/08/2023 13:41:20 საზოგადოება
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანი, რომელიც რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ს ჩასვლას აპროტესტებდა. გადაწყვეტილება 11 აგვისტოს გამოცხადდა.
ის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.
მარინა ჩობანიანის ინტერესებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ექვსი ადამიანი დააჯარიმა, მათ შორის კიდევ ერთია უკრაინის მოქალაქე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე 2000-2000 ლარით დააჯარიმა აქციაზე მყოფი ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე და პარტია "დროას" წევრი გენრი დოლიძე.
კვერენჩხილაძეც უსამართლოდ მიიჩნევს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ არ აპირებს ჯარიმის გადახდას.
იხილეთ ასევე: "მკვდარ დედას აგინებდა", "იყო ზიზღი", "პოლიციელი ტიროდა":რას ყვებიან ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებულები
31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. იმ დღეს სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ამ დროს სკანდირებდნენ: „როსია!" და მომიტინგეებს შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებდნენ.