Accentnews.ge
"მკვდარ დედას აგინებდა", "იყო ზიზღი", "პოლიციელი ტიროდა":რას ყვებიან ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებულები

"მკვდარ დედას აგინებდა", "იყო ზიზღი", "პოლიციელი ტიროდა":რას ყვებიან ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებულები

02/08/2023 12:59:45 საზოგადოება

ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 23 პირის ადმინისტრაციულ საქმეებზე ბათუმის საქალაქო სასამართლო 7,8 და 9 აგვისტოს იმსჯელებს. მათ შორის არის ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე, რომელის მსგავსად რიგი დაკავებულებისა, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე საუბრობს.

„რაღაც მომენტში ატყდა ჩოჩქოლი. ბარიერი არ გადამილახავს. ამასობაში შემომხედა იმ ახალგაზრდა კაცმა [აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე – რედ] და „ეს დაიჭირეთ, დაიჭირეთო“. დგებუაძე იყო მიმთითებელი – დამინახა, იქ რომ ვიდექი და მიუთითა, რომ დავეჭირე. მაგრამ დაჭერას ხომ გააჩნია?! მე ვინც დამიჭირეს, ისინი არ იყვნენ პოლიციელები – რაღაც კუნთმაგარი „ტიპები“, ყველაფერთან ერთად, უზრდელებიც... მიწაზე სახით დამაგდეს, კისერზე ფეხი დამადგეს, ზურგზეც ფეხი მედო. ამდენ გაწევ–გამოწევაში, დაპირისპირებაში (ემოციური ფონი მაღალი იყო), სუნთქვა შემეკრა, ვერ ამოვისუნთქე და ვეუბნები, „ვერ ვსუნთქავ–მეთქი“, „ახლა ვერ სუნთქავ შენი დე....ო“,– ზემოდან დამაყოლა პოლიციელმა“,– იხსენებს კვერენჩხილაძე.

შემდეგ ახალგაზრდა კაცი უკვე პოლიციის სამმართველოში არსებულ განწყობებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ადამიანი მოვიდა, ჩამეხუტა (ერთ–ერთი პოლიციელი) და მეკითხება, „შენ ვინ დაგიჭირა და რისთვისო?“, „რავი, რუსებს ვაგინებდი–მეთქი“, „რუსების დედა ...“ –მითხრა პოლიციელმა. რამდენი სამართალდამცველიც შემოვიდა იმ განყოფილებაში, ყველა აგინებდა რუსებს. მაშ მე რიღასთვის მიჭერ?“,– კითხულობს ჟურნალისტი.

კვერენჩხილაძე ინფორმირებულია, რომ მისი სასამართლო პროცესი 9 აგვისტოს გაიმართება: „ვერ გარისკეს, თუ არ უნდათ, არ ვიცი: 8 აგვისტოს როგორ უნდა თქვას ბრალმდებელმა ან ვინმემ, რომ ყოფილი რეზერვისტი, 2008 წელში რეზერვისტის სტატუსით ომში ნამყოფი ადამიანი რუს აგინებდაო და ამისთვის როგორ უნდა გამასამართლონ?!“

ირაკლი დგებუაძე ფიგურირებს კიდევ ერთი დაკავებულის ნაამბობში. აქტივისტი გენრი დოლიძე იხსენებს, რომ ბათუმის პორტში შეხლა–შემოხლისას გამოესარჩლა ომის ვეტერანს, რომელსაც დაკავებას უპირებდნენ. კერძოდ, მათ მიაწოდა ინფორმაცა, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანს აკავებდნენ და მიიქცია კიდეც ყურადღება.

„შენ ხომ არ ხარ ვეტრანი, შენი...ო“– მაგინებდნენ, შემათრიეს ბარიკადების შიგნით, ალყა შემომარტყეს, ძალადობა რომ არ დაენახათ კამერებს და გარემომყოფებს, ხელები გადამიგრიხეს, ხელებშეკრული დამაგდეს ქვაფენილზე, ფეხი დამადგეს თავზე, შეკრულ ხელებზე, ფეხებზე – ძლიერად მაჭერდნენ, მირტყამდნენ...“,– ყვება დოლიძე.

ამ მომენტში, აქტივისტის ნაამბობის მიხედვით, მათთან დგებუაძე მივიდა და დაინტერესდა, თუ ვინ ჰყავდათ დაკავებული, თავი წამოაწევინეს, და როდესაც სამმართველოს უფროსმა ის ამოიცნო, „შემაგინა, შემამკო ენით აუწერელი სიტყვებით, სახეში წიხლი მითავაზა. რა თქმა უნდა, დაზიანება დაფიქსირდა იზოლატორში“.

როდსაც, დოლიძის მონათხროვის მიხედვით, დგებუაძეს პოლიციელებმა მოუწოდეს, „რას აკეთებ, სახეში ურტყამ? დააჩნდებაო“, ძალადობა გაგრძელდა, უბრალოდ სახის არეს ერიდებოდნენ.

„გადამარჩინა იმან, რომ სხვა დაკავებული შემოიყვანეს და დგებუაძის ყურადღება სხვამ მიიპყრო. იქ მივიდა და ესეთ რამეს ეუბნებოდა, „ამერიკის დროშას გაგიკეთებ უკანო“ – საშინელი სიტყვებით აგინებდა. ასევე აგინებდა მიწაზე დაწვენილ ერთ–ერთ აქტივისტს, რომელიც ეუბნებოდა, „მკვდარი მყავს დედა, ნუ მაგინებო“ და მკვდარ დედას აგინებდა“,– იხსენებს დოლიძე.

მსგავსი ისტორია აქვს ხათუნა ბერიძესაც, რომელიც დანარჩენი 22 ადამიანის მსგავსად ბათუმის პორტთან დააკავეს 31 ივლისს.

ქალი იხსენებს, რომ კონფლიქტი მასსა და აჭარის პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც თავჩაქინდრული პოლიციელი დაინახა, რომელიც ტიროდა, ვიგრძენი, შეურაცხყოფილი იყო“ და ბესელიას მიმართა, რომ აკნინებდა პოლიციის ინსტიტუტს და პოლიციელებს იქ დგომას აიძულებდა.

ქალის მონათხრობის მიხედვით, რომ ბესელიამ სცადა ძალის გამოყენებით მისი ბარიკადებს მიღმა გადაყვანა, შემდეგ დანარჩენმა პოლიციელებმა: „ყელში მახრჩობელა ილეთით გამიყვანეს“. მჭიდროდ მოუჭირეს ცალუღი და თხოვნაზე, შეემსუბუქებინათ, უფრო მჭიდროდ უჭერდნენ.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ როგორც დგებუაძე, ისე ბესელია მას პოლიციელების თანდასწრებით უშვერი სიტყვებით აგინებდნენ, ექმურებიდნენ, „ამოგალპობ ციხეშიო“.

„რაღაც ცხოველური დამოკიდებულება იყო, არც დაკავების ფორმა, არც ქალთან მოპყრობა. რამდენჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს ჩემთვის პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია [...] ეს იყო ზიზღით ანთებული თვალები, მსგავსი მოპყრობა არც ერთი პოლიციელის მხრიდან არასდროს მინახავს. თითქოს რაღაც დავუშავე ამ ორ ადამიანს და შურისძიების მომენტი ჩაუვარდათ”,– იხსენებს ქალი „ნეტგაზეთთან“.

საკითხს ამჟამად სპეციალური საგამოძიებო სამსახური იკვლევს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამატებას გულისხმობს. უწყება ამბობს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები, თუმცა მმართველი გუნდის წევრების წინმსწრები შეფასებები ბევრს აეჭვებს, „მიაკვლევს“ თუ არა საგამოძიებო სამსახური კანონდარღვევას. მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი გვარწმუნებს, რომ „ბათუმის პორტში პოლიციელებმა იმოქმედეს ევროპული სტანდარტის შესაბამისად და გაცილებით უფრო რბილად, ვიდრე წამყვანი პოლიტიკური დემოკრატიების ქვეყნებში მოქმედებენ პოლიციელები“:

„როცა უპირისპირდები პოლიციელს, ამ დროს ის საკმაოდ მკაცრია ყველგან. ჩვენთან რაღაც ტრადიცია არსებობს ადამიანური ურთიერთობისა, რასაც პოლიცია ყოველთვის ივალისწინებს“,– ამბობს ვოლსკი, მიუხედავად აქტივისტების ნაამბობისა მათ შორის ადამიანური დამოკიდებულების შესახებ.

ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური სანიმუშოს უწოდებს შსს–ს ქცევას.

არასამთავრობო ორგანიზაციების (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) უფლებები საქართველო) განცხადებით კი, ბათუმში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა არის პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტი, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება:

„პოლიციამ ამჯერადაც არ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალა პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვაში. პროტესტის გამოხატვის ხელშესაშლელად პოლიციამ, ფიზიკურ დაბრკოლებებთან ერთად, აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკაც გამოიყენა. დაკავებულების რაოდენობა 20-ზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს აქვს უფლება, დაკავებისთანავე შეხვდეს ადვოკატს, ამ უფლებით სარგებლობა პოლიციამ დააბრკოლა. დაკავებულთა უმრავლესობას ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში მათთვის უცნობი იყო, სად იმყოფებოდნენ დაკავებული პირები. დაკავებულთა მონახულება მხოლოდ დღის ბოლოს, სხვადასხვა ქალაქების (ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის, სამტრედიის) დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, რაც როგორც დაკავებისას, ასევე, დაკავების შემდგომაც გაგრძელდა. უკანონო დაკავება ამ დრომდე არ დასრულებულა და აქციის მონაწილეები იზოლატორებში რჩებიან. უცნობია, როდის მოხდება მათი გადაყვანა სასამართლოში“.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავება და დაკავების შემდგომი პრაქტიკა მიუღებელია და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, დაიცვან აქტივისტების უფლებები და მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ უკანონო დაკავების პრაქტიკას.

ინფორმაციისთვუს: 31 ივლისის აქციაზე დაკავებულთაგან 20 საქართველოს მოქალაქეა, ორი – უკრაინის, ერთი ისრაელის. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამჟამად ყველა მათგანი თავისუფალია, ვინაიდან ადმინისტრაციული მუხლით დაკავებისთვის გათვალისწინებული პატიმრობის მაქსიმალური ვადა – 48 საათი ამოიწურა.

ფოტო: მირიან მელაძე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S