კრემლი იდეოლოგიური ოკუპაციის გზას ირჩევს?

26-07-2023 16:36:41 ანალიზი

მართალია, განათლების სამინისტრომ დაბეჯითებით განაცხადა, რომ არ მიმდინარეობს არანაირი საუბრები საქართველოში რუსული უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე, თუმცა ამან ვერ შეძლო ეჭვების გაფანტვა მას შემდეგ, რაც პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დააანონსა ახალგაზრდებისთვის რუსული ფინანსებით სწავლის მიღების შესაძლებლობა. მათ, ვინც საკითხი აღელვებთ, მათ შორის, გაახსენდათ რუსეთთან ფრენების აღდგენამდე არაერთგზის გაკეთებული განცხადებები, „თემა დღის წესრიგში არ დგასო“, თუმცა მოკლე დროში საზოგადოება ფაქტის წინაშე აღმოჩნდა: მოსკოვმა ფრენების კონტექსტში თბილისს მის მიერვე დაწესებული სანქცია მოუხსნა, თავის მხრივ საქართველომ რუსულ კომპანიებს ფრენების ნებართვა მალევე მისცა. პროდასავლური საზოგადოების ნაწილი ოფიციალური თბილისის ამჟამინდელი მიდგომების გათვალისწინებით (ანტიდასავლური რიტორიკა, რუსეთის „არგაღიზიანება“) შიშობს, რომ შესაძლოა, მოვლენები ამავე სცენარით განვითარდეს, ამიტომ, მათი ხედვით, საკითხი ნამდვილად იმსახურებს ყურადღების კონცენტრაციას. შიშის საფუძველს კი წარმოშობს, მათ შორის, ანონსი უფასო განათლების შესახებ, რასაც ღარიბ ქვეყანაში სავარაუდოდ, გამოუჩნდება არც თუ მცირერიცხოვანი მსურველი.

"უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. ვვარაუდობ, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი", - თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

საქართველოში შიშობენ, რომ რუსული იდეოლოგია ამჯერად მიზანში იღებს ქვეყნის „წარმატების ბილეთს“: ახალგაზრდა, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ თაობას, რომელიც წინა თაობებისგან განსხვავებით, მენტალურადაც მოწყდა რუსულ სივრცეს და ერთგვარად აზღვევენ ქვეყანას, უკან დაბრუნებისგან. მათი მნიშვნელოვანი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, არიან თავისუფლები და როგორც მარტის სამდღიანმა მასშტაბურმა პროტესტმა აჩვენა, შეუძლიათ, იყვნენ უკომპრომისოებიც. მათი დეზორიენტირება კი უთუოდ იქნება კრემლის ხელშესახები წარმატება ქვეყანაში, რომელიც უკვე წლებია, მისი პროპაგანდის სამიზნეა.

ამ ფონზე განათლების მინისტრის განცხადება, „ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებშიო“, დამაიმედებლად კი ჟღერს, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით, მიზნის მისაღწევად პროცესში სამინისტროს ჩარევა შესაძლოა, არც კი გახდეს საჭირო.

„იმისთვის, რომ თქვენ საგანმანათლებლო საქმიანობა აწარმოოთ, თუ არ გჭირდებათ ქართული სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული დიპლომი, განათლების სამინისტროსგან ნებართვას სულაც არ საჭიროებთ. ანუ, შენობა რომ აიღონ, შევიდნენ, თქვან, რომ „ჩვენ აქ უნივერსიტეტი გვაქვს, არ გჭირდებათ არანაირი ეროვნული გამოცდები, მოდით ჩვენთან, განათლებას უფასოდ დაგიფინანსებთ და მოგცემთ რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ დიპლომსო“, ამ ყველაფერში საქართველოს განათლების სამინისტროს როლი რეალურად არც ექნება. ძალიან ბევრი ტრენინგ–ცენტრია, რომელიც არ ხვდება განათლების სამინისტროს რეგულირების სფეროში. დაახლოებით მსგავს ცენტრს გააკეთებს პრიმაკოვის ფონდი, იტყვიან, „უნივერსიტეტი ვართ, გვყავს რუსი ლექტორებიო (ამის რესურსი უკვე აქვთ)“. აი, მომავალში რა იქნება, არავის იცის. მოგვიანებით სახელმწიფომ შესაძლოა, თქვას, „ამდენი წელია, არსებობენ, არავისთვის არაფერი დაუშავებიათ და მივცეთ აკრედიტაციაო“,– ამბობს ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი.

  • ის ფიქრობს, რომ ერთის მხრივ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ნიადაგის მოსინჯვასთან, თუ როგორი იქნება ამაზე საზოგადოების რეაქცია: „ბატონ დიმიტრის ახასიათებს მსგავსი რამ, რადგან რუსეთში თავის პატრონებთან უნდა გაამართლოს საკუთარი საქმიანობა. მეტი ფინანსები რომ მოიზიდოს, რაღაც ახალი აქტივობები უნდა დანერგოს“;
  • მეორე – რეალური გეგმა, რომელიც შესაძლოა, განახორციელოს ისე, რომ ამაში სახელმწიფოს ჩარევა არც იყოს საჭირო: „სახელმწიფო იტყვის „კერძო ბიზნესსაქმიანობააო“.

აქ საქმე არ ეხება "ფობიებს" (როგორც მმართველ გუნდში უწოდებენ ხოლმე კრიტიკულ შენიშვნებს) და „ყველაფერი რუსულის“ მიუღებლობას. ცნობილია, რომ მოსკოვი იგივე პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნება–გაზრდას არა მხოლოდ ბრუტალური, ე.წ. რბილი ძალითაც ცდილობს. მაგალითად, ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ სტრატეგიად გაწერილი რუსული სამოქმედო გეგმები მოლდოვაში, ბელარუსში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში რუსეთის მთავარი მიზნები შემდეგნაირადაა ფორმირებული:

  • შეინარჩუნოს რუსული ენის ფართო არსებობა განათლებაში;
  • პრორუსული ორგანიზაციების შექმნა და მათი მეშვეობით მოსახლეობაზე ზემოქმედება;
  • წინააღმდეგობის გაწევა საბჭოთა ძეგლების დემონტაჟისთვის;
  • რუსული „ისტორიული“ ნარატივის პოპულარიზაცია, წაახალისოს ადგილობრივი ბიზნესი, გადავიდეს რუსულ ბაზარზე.

იხილეთ ასევე:

კრემლი ბალტიის ქვეყნებში გავლენის აღდგენას იმედოვნებს

პოსტსაბჭოთა ქვეყნები პუტინის სპეცსამმართველოს კონტროლქვეშ

ФСБ–ს საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვის დესტაბილიზაციის 10-წლიან გეგმას მოიცავს

და რა ხდება საქართველოში? იზრდება ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე; მსხვილ თემს ქმნიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც წარმოდგენილები არიან ეკონომიკის ყველა სეგმენტში; უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია ანტიდასავლურმა პროპაგანდამ. საყურადღებოა, რომ ყოველწლიურად საქართველოს უნივერსიტეტებს მიღმა ათასობით ადამიანი რჩება (ნაწილმა ვერ გადალახა ბარიერი, ნაწილმა სიდუხჭირის გამო ვერ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა) და ამ ფონზე უფასო განათლების (შესაძლოა, უგამოცდოდაც) შეთავაზება, სწორედ რომ საქართველოს მოქალაქეების სატყუარად აღიქმება.

„რუსეთი 2022 წლის 24 თებერვლამდე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ცდილობდა, შესულიყო აკადემიურ სამყაროში და შეექმნა ალტერნატიული რეალობა, რომელშიც ამბობდა, რომ „რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც რაღაც ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს, ის თავისი ინტერესებით თამაშობს“. ევროპაში იყო ცალკეული აკადემიური სივრცეები, სადაც სტუდენტებს ეუბნებოდნენ და რაც მთავარია, იქაური ახალგაზრდები იყვნენ ამ ნარატივის ზემოქმედების ქვეშ, რომ „ამერიკას თუ უნდა, ევროპა იყოს მისი გავლენის სივრცე, რუსეთის გლობალური მოთამაშეა და უნდა, რომ ჰქონდეს „უკანა ეზო“ (პოსტსაბჭოთა სივრცის სახით), რომელშიც მისი გავლენა იქნება“. იდეაში, ამ ნარატივის საქართველოს მოქალაქეებში გავრცელება მარტივად არის შესაძლებელი“,– შიშობს ძიძიშვილი.

ის დარწმუნებულია, რომ სწორედ ამგვარი პროპაგანდისტული თორიების გავრცელება და მიმღებლობის დამკვიდრებაა სახიფათო და არა საკუთრივ შპს დაარსდება: „ევროპის გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანები იქ სასწავლებლად მიდიან. და მისი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობა, პირდაპირი იდეოლოგიური ოკუპაციის მცდელობის ნიშანია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები