
ჩხაიძემ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე ისაუბრა
14/07/2023 18:41:07 საზოგადოება
„ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ პატიმრობაში მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ ისაუბრა. კითხვა მათ შორის ეხებოდა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ პოლონელ ექიმს სააკაშვილისგან აღებული ნიმუშები კლინიკიდან ფარულად გაჰქონდა. კერძოდ, თუკი ექიმებს ნიმუშების აღების ნებართვა ჰქონდათ, რა ნიმუშები გაჰქონდა ერთ-ერთ მათგანს?
„შემიძლია, დაგიდასტუროთ ეს ფაქტი, როცა კოლეგები შემოვიდნენ კლინიკაში, ჩვენ ფაქტობრივად, რვა საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ერთად. თუმცა, იმ მომენტში, როცა მათივე ინიციატივით მოხდა ნიმუშების აღება, ეს ფაქტი არ მინახავს. როცა უკვე გავიგეთ, რომ მათთვის საინტერესო იყო და ნიმუშების აღება აინტერესებდათ, ამისთვის გარკვეული წესი არსებობს. პირველ რიგში, ამას უნდა ესწრებოდნენ სხვა ექიმებიც, სხვა თანამშრომლებიც, ეს უნდა მოხდეს სრული წესის დაცვით, უნდა დაილუქოს ყველას თანდასწრებით, ხელი უნდა იყოს ყველას თანდასწრებით მოწერილი, რაც შემდეგში გაკეთდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იქამდე ეს მცდელობა იყო მათი მხრიდან, ამ ნიმუშის არალეგალურად აღების, თუ გატანის. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, ალბათ, პენიტენციური სამსახური მოგაწვდით“, - თქვა ჩხაიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში. .
მისი თქმით, ლეგალური გზით აღებულ იქნა რიგი ნიმუშები:
„პენიტენციური დაწესებულებიდან იყო ნებართვა და მათ მოითხოვეს ფრჩხილის, თმის და ასევე, წარბის ნიმუში, რომელიც ჩვენი თანდასწრებით, ლეგალურად იქნა აღებული, კონვერტში მოთავსებული და ხელწერებით იქნა გამზადებული, რომელიც მათ შემდეგში, პენიტენციური დაწესებულების თანხმობით გაიტანეს კლინიკიდან. ეს ინციდენტი რატომ მოხდა, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, არავინ წინააღმდეგი არ იყო, რომ მათ რამე ნიმუში ოფიციალურად აეღოთ, რატომ მოხდა ეს ინციდენტი, რა იყო ამის მიზანი, ვერ გიპასუხებთ. იქამდე თუ ჰქონდათ ამის არალეგალურად გაკეთების მცდელობა, მიზანი რა იყო, ჩემთვის ეს გაუგებარია ადამიანურად და ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა მათი მხრიდან“.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.
მინისტრმა საგარეო უწყებას მოუწოდა, დაინტერესდეს ინციდენტის შესახებ პოლონეთის საელჩოს პოზიციით:
„გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, მივმართავთ თხოვნით, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით".
პოლონელი ექიმების ჯგუფი 12 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა.