
აბდუშელიშვილი: წულუკიანმა აღიარა, რომ ის არის კინოცენტრის არაფორმალური მმართველი
14/07/2023 14:24:47 საზოგადოება
კინოცენტრში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ლევან აბდუშელიშვილი, რომელიც კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგ აგორებული პროტესტის აქტიური მონაწილეა, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმიანება.
აბდუშელიშვილის თქმით, მინისტრმა დაადასტურა, რომ „ის კინოცენტრის არაფორმალური მმართველია“, რადგან გადაწყვეტილებებს კინოცენტრში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, რეორგანიზაციაზე უნდა იღებდეს დამოუკიდებლად კინოცენტრის დირექტორი და არა კულტურის მინისტრი.
„გუშინ მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ "რეორგანიზაცია აქამდეც უნდა დაეწყოთ ჩემს წინამორბედებსო და ახლა იყო ამის დროო". ეს უკვე არის ფაქტობრივი უზუსტობა, შეცდომა, იმიტომ, რომ კინოცენტრში რეორგანიზაციას აცხადებს კინოცენტრის დირექტორი და არა მინისტრი, ანუ მას თანამდებობრივად არ აქვს უფლება, რეორგანიზაცია გამოაცხადოს კინოცენტრში. ანუ თეა წულუკიანმა აღიარა, რომ ის არის არაფორმალური მმართველი კინოცენტრისა და მის მიერ დანიშნული ხუბუნაია არის მისი დავალებების შემსრულებელი და მას არ აქვს არანაირი გეგმა. ეს არის ფაქტობრივი უზუსტობა”, – განაცხადა „ფორმულასთან” ლევან აბდუშელიშვილმა.
ლევან აბდუშელიშვილმა თქვა, რომ ყველა, ვინც კონოცენტრიდან რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს, მათ შორის თავად, პროტესტის მონაწილეები არიან, ხოლო სამსახური შეუნარჩუნდათ "ლოიალურად განწყობილებს".
წულუკიანმა „იმედის“ ეთერში 13 ივლისს თქვა, რომ „რეორგანიზაცია კინოცენტრში უფრო ადრე უნდა დაეწყო”.
იხილეთ ასევე: კინოცენტრიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს