
კინოცენტრიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
12/07/2023 15:04:39 საზოგადოება
ეროვნულ კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ რამდენიმე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტა. არსებული ინფორმაციით, საუბარია ექვს ადამიანზე. მათ შორის არიან დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი. აღსანიშნავია, რომ მათ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს – გაგა ჩხაიძეს და გაემიჯნნენ იმ განცხადებას, რომელიც კინოცენტრის "ფეისბუქის" გვერდზე 2 ივნისს გამოქვეყნდა. ამ განცხადებაში კინოცენტრი გოეთეს ინსტიტუტს (რომელმაც გაგა ჩხაიძე გოეთეს მედლით დააჯილდოვა კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის) "ფარისევლურ ბრალდებებში" ადანაშაულებდა და ეჭვქვეშ აყენებდა სახელმწიფოს მხრიდან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსების პერსპექტივას.
დავით დავითიანმა და ლევან აბდუშელიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანებები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
ტექსტში ნათქვამია, რომ კინოცენტრის რეორგანიზაციისთვის 2023 წლის 10 ივნისს შეიქმნა "სპეციალური კომისია", რომელმაც 20 ივნისს გამართა სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რა სტრუქტურული ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო ორგანიზაციაში. გათავისუფლების ბრძანებაში ნათქვამი არ არის, ვინ შედიოდა სპეციალური კომისიის შემადგენლობაში. გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მხოლოდ კობა ხუბუნაია აწერს ხელს. დოკუმენტებში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ "მართვის ოპტიმიზაციის მიზნით გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე" აუცილებელი გახდა "სამუშაო ძალის შემცირება."
ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაცია ერთი თვის წინ გამოცხადდა. კინოცენტრის თანამშრომლები და კინოს სექტორის წარმომადგენლები მთელი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებით, ოფიციალური წერილებით და საჯარო განცხადებებით უშედეგოდ ითხოვდნენ ჯერ კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, შემდეგ კი კულტურის მინისტრთან შეხვედრას. კინემატოგრაფისტები კინოცენტრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეზე და ცენზურის დაწესების მცდელობებზე საუბრობენ.
დღეს თბილისში, კულტურის სამინისტროსთან აქციაა დაგეგმილი.