ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, დაფინანსდება თუ არა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვის თანმხლების ხარჯები თურქეთში ესპანეთსა და ისრაელში მკურანალობისას
10/07/2023 12:08:52 საზოგადოება
დღეს ცნობილი გახდა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.
„18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში არ გაძლიერდება სერვისები და არ შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პროგრამის დეტალებზე ისაუბრა.
„სანამ ქვეყანაში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური მიმართულება გვექნება, მსოფლიოს 3 ქვეყანაში სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა ფასთა კვლევა და შედეგად, ესპანეთის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებიდან მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ რომელ კლინიკაში უნდათ ბავშვის მკურნალობა, რასაც სრულად დავაფინანსებთ. სამწუხაროდ, ყოველწლიურად 300-მდე ბავშვია, ვინც ამ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ სრულყოფილად დავაფინანსოთ ამ კლინიკებში მათი მკურნალობა. დღეს იყო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები, ასევე, მოწონებული იქნა მთავრობის მხრიდან“,- განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, მკურნალობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წელიწადში 30 მლნ ლარამდეა.
- როდიდან ამოქმედდება პროგრამა
როგორც აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნულ ქვეყნებში მკურნალობის პროცესის დაწყება მსურველებს, სავარაუდოდ, შემდეგი თვიდან შეეძლებათ.
- დაფინანსდება თუ არა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვის თანმხლების ხარჯები თურქეთში ესპანეთსა და ისრაელში მკურანალობისას
მინისტრის განცხადებით, თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ხოლო ისრაელში - არა.
„ამ სამი კლინიკიდან თურქეთის და ესპანეთის შემთხვევაში (ესპანეთში ასევე პროტონოთერაპიის შესაძლებლობა იქნება) შემოთავაზებულ ტარიფებში შედის ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრება, ისრაელში არ შედის. რთადერთი ისრაელის კლინიკაა, რომელიც ცხოვრების ხარჯებს არ ითვალისწინებს".


