
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი
10/07/2023 11:19:32 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.
"უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი. პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში. საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სახელმწიფოს პრიორიტეტია“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ინფორმაციაში.
მისი ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ – ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში საჭიროების მიხედვით მიიღებენ.
„18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში არ გაძლიერდება სერვისები და არ შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ მკურნალობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წელიწადში 30 მლნ ლარამდეა.
„სანამ ქვეყანაში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური მიმართულება გვექნება, მსოფლიოს 3 ქვეყანაში სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა ფასთა კვლევა და შედეგად, ესპანეთის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებიდან მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ რომელ კლინიკაში უნდათ ბავშვის მკურნალობა, რასაც სრულად დავაფინანსებთ. სამწუხაროდ, ყოველწლიურად 300-მდე ბავშვია, ვინც ამ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ სრულყოფილად დავაფინანსოთ ამ კლინიკებში მათი მკურნალობა. დღეს იყო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები, ასევე, მოწონებული იქნა მთავრობის მხრიდან“,- განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, თურქეთსა და ესპანეთში მკურნალობის ხარჯებში ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრების თანხებიც შედის, ხოლო ისრაელში - არა:
„ამ სამი კლინიკიდან თურქეთის და ესპანეთის შემთხვევაში (ესპანეთში ასევე პროტონოთერაპიის შესაძლებლობა იქნება) შემოთავაზებულ ტარიფებში შედის ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრება, ისრაელში არ შედის. ერთადერთი ისრაელის კლინიკაა, რომელიც ცხოვრების ხარჯებს არ ითვალისწინებს".