
გაიაშვილი საქართველოში "კოკა-კოლას" წარმოებას "სამარცხვინოს" უწოდებს
07/07/2023 10:13:25 საზოგადოება
ავიაკომპანია "Georgian Airways"–ის დირექტორი თამაზ გაიაშვილი საქართველოში კომპანია "კოკა -კოლასა" და „მაკდონალდსის“ მფლობელის თემურ ჭყონიას ქალიშვილის სოფო ჭყონიას ფეისბუქ–პოსტს გამოეხმურა.
სოფო ჭყონიამ Georgian Airways–ის მიერ მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით ტრანზიტულ რეისების დაწყებას "სამარცხვინო" უწოდა.
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი Live“–ს წამყვანმა თამაზ გაიაშვილს სოფო ჭყონიას ამ გამოხმაურების შეფასება სთხოვა. საპასუხოდ გაიაშვილმა შემდეგი განაცხადა:
"ჩემი კომპანიის წინააღმდეგ ასეთი განცხადების გაკეთება, მე მგონი, სამარცხვინოა, პირველ რიგში და სამარცხვინოა თვითონ "კოკა-კოლას" წარმოება ალბათ, საქართველოში და "მაკდონალდსით" ჩვენი ბავშვების მოწამვლა. მე მგონი, "კოკა-კოლა" არ არის სასარგებლო. უფრო კარგი იქნებოდა კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ, რაც ქართულია. ქართული საქმე ეკეთებინათ და უფრო მაგით ესახელებინათ თავი. მე მათ მინდა, ვუთხრა, რომ მიხედონ მათ თავის საქმეს და მე ვთვლი, რომ ქართულ ბიზნესს უნდა გულშემატკივრობნენ, თუ ისინი მართლა ბიზნესმენები არიან და მათ გული შესტკივათ ქვეყანაზე და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ".
ცნობისთვის: 12 ივნისს ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მაკდონალდსის" "ჰეფი მილის" მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი მომღერალ "ელტონ ჯონის სასიყვარულო ურთიერთობაზე". "მაკდონალდსში" განმარტეს, რომ წიგნი, რომელიც "ჰეფი მილის" მენიუს მოჰყვებოდა, გლობალური "მაკდონალდსის" კამპანიის ნაწილია და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ბავშვობის შესახებ ჰყვება. ერთ-ერთი ბოლო გამოშვება მუსიკოსებს, არეტა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს ეხება. "მაკდონალდს საქართველოს" განცხადება კი ამ ბროშურას შეეხებოდა. ამასთან, კომპანიამ გამოაქყეყნა განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდიდა. გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში განცხადების ის ნაწილი, რომლითაც კომპანია ბოდიშს იხდიდა, შეიცვალა, მოგვიანებით კი საერთოდ წაიშალა ტექსტი. "მაკდონალდსის" მფლობელმა თემურ ჭყონიამ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებაზე, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ, თქვა, რომ მასთან შეთანხმებული არ იყო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამასწინათ საქართველოსთან პიდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქართულმა მხარემ ამაზე თანხმობა განაცხადა, რითაც რუსეთის იზოლირების შესახებ დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. შესაძლო სანქცირების შესახებ მათი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართვეელოში არც ერთი სანქცირებული კომპანია და ბორტი არ იფრენს.
1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "Georgian Airways"–ს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაშია ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილიც.
19 მაისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების განხორციელება დაიწყო რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" რომელიც აქამდე მხოლოდ შიდა რუსულ ფრენებს ახორციელებდა. 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" ახორციელებს.