
RLC: მოვუწოდებთ პროკურატურას, მშვილდაძეზე თავდასხმას მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია და გამოსაძიებლად გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
05/07/2023 14:24:47 საზოგადოება
5 ივლისს "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კანონის უზენაესობის ცენტრი (RLC) საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, "ტელეარხის ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია და გამოსაძიებლად გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს".
RLC–ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ტელეკომპანია ,,ფორმულას“ დამფუძნებლის მიშა მშვილდაძის მიმართ 2023 წლის 27 ივნისს განხორციელებულ თავდასხმას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა).თავდასხმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, დანაშაულის ჩადენის პირველივე დღესვე, მიუთითებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე (დევნა სიტყვის, აზრის გამო და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება წარმოადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას, სისხლის სამართლის საქმეზე დღემდე არ შეცვლილა პროკურატურის მიერ კვალიფიკაცია და ფაქტს კვლავ არაუფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო - შინაგან საქმეთა სამინისტრო - იძიებს.ამჯერად, საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია შემთხვევის ახალი დეტალების შესახებ. დაზარალებულის მხრიდან გამოითქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ თავდასხმის განხორციელებაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო უწყების, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ტელევიზიით გავრცელდა აღნიშნული ეჭვის დამადასტურებელი მასალაც.სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება წარმოადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას. სწორედ აღნიშნული ორგანოა ვალდებული აწარმოოს გამოძიება მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით და დაადგინოს მონაწილეობდნენ თუ არა თავდასხმაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ასევე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიმართოს საქართველოს პროკურატურას ამ სისხლის სამართლის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ".