პესკოვი: პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე შეწყდება, ის ბელარუსში გაემგზავრება
24/06/2023 20:05:20 მსოფლიო
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფების "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში გაემგზავრება. თუმცა კონკრეტულად რა სტატუსით და მისიით, პესკოვმა არ იცის.
პესკოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დასჯის "ვაგნერის" ჯანყის მონაწილე მებრძოლებს.ხოლო ის მებრძოლები, რომლებმაც თავდაპირველადვე თქვეს უარი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში მონაწილეობაზე, კონტრაქტს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებენ.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიგოჟინთან მოლაპარაკებების დროს თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები არ განიხილებოდა.
კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმზე საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მისი გაუქმების ყველა წინაპირობა არსებობს.
ამასთან დააანონსა, რომ პუტინის ახალი მიმართვა უახლოეს მომავალში არ იქნება.
იხილეთ ასევე: "ვაგნერის" ძველი წევრები პრიგოჟინს უნდობლობას უცხადებენ და შურისძიებით ემუქრებიან
პრიგოჟინმა დღეს საღამოს განაცხადა, რომ მისი გასამხედროებული დაჯგუფება მოსკოვისკენ სვლას აჩერებდა.
"ჩვენ 200 კმ-ში ვართ მოსკოვიდან. 23 ივნისიდან ამ დრომდე რუსეთის ტერიტორიაზე მარშით ისე ვიარეთ, რომ ერთი ტყვიაც არ გაგვისვრია. მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა უკვე სისხლი შეიძლება, დაიღვაროს. ამიტომაც ვტრიალდებით და მივდივართ საპირისპირო მიმართულებით - საველე ბანაკებისკენ, როგორც იყო კიდეც დაგეგმილი", - აცხადებს მამაკაცი პრიგოჟინის ხმით მორიგ აუდიო-მიმართვაში, რომელიც კვლავ ტელეგრამ-არხმა "პრიგოჟინის პრეს-სამსახურმა" გაავრცელა.
მანამდე ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრიგოჟინმა უკან სწორედ მასთან მოლაპარაკების შედეგად დაიხია, რომ ლუკაშენკოს შუამდგომლობით მოლაპარაკებები დილიდან წარმოებდა და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.
«დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსი კოლეგა საქმის კურსში ჩააყენა რუსეთის სამხრეთში შექმნილი ვითარების შესახებ. სახელმწიფოთა ლიდერები ერთობლივ ქმდებებზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, დამატებით დააზუსტა რა გარკვეული ინფორმაციები საკუთარი არხებით, მოლაპარაკებები გამართა კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან. მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში წარმოებდა. შედეგად მხარეები რუსეთის ტერიტორიაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირების დაუშვებლობაზე შეთანხმდნენ. ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ბელარუსის პრეზიდენტის წინადადება "ვაგნერის" შეიარაღებულ წევრთა რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეწყვეტისა და დაძაბულობის შემდგომი დეესკალაციის თაობაზე. ამ დროისთვის მაგიდაზე დევს ვითარების გადაწყვეტის აბსოლუტურად მისაღები და მომგებიანი ვარიანტი, "ვაგნერელების" უსაფრთხოების გარანტიებით" - ნათქვამია ლუკაშენკოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცეებულ განცხადებაში.


