ევროპა პუტინის მხარდამჭერ აფრიკულ ქვეყნებს დახმარებას უწყვეტს
21/06/2023 11:53:19 მსოფლიო
ფინეთის ახალი მთავრობა გეგმავს, უარი თქვას იმ აფრიკული ქვეყნების დახმარებაზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში უჭერენ მხარს. ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა ვილე ტავიომ განაცხადა.
"ზოგიერთი აფრიკული ქვეყანა რუსეთის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. ჩვენ ამ ქვეყნებს ყურადღებით დავაკვირდებით. მთლიანობაში მთავრობა გეგმავს, განვითარებად სახელმწიფოებს ფინანსური დახმარება დაახლოებით 1 მილიარდი ევროთი შეუმციროს"- განაცხადა ტავიომ.
მინისტრთა ახალი კაბინეტი მუშაობას 20 ივნისიდან შეუდგა.
ფინეთი საერთაშორისო პროგრამებისა და ორგანიზაციების შუამავლობით ყოველწლიურად განვითარებად ქვეყნებს რამდენიმე მილიარდი ევროთი ეხმარებოდა. გაერო-ს რეკომენდაციით, ჰელსინკიმ აიღო ვალდებულება, ჰუმანიტარული დახმარების ოდენობა ქვეყნის მშპ-ის 0.7%-მდე გაეზარდა, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება შეცვალა.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აფრიკული ქვეყნების ნახევარზე მეტმა მხარი არ დაუჭირა გაერო-ს რეზოულიციას, რომელიც კრემლის აგრესიას გმობდა: 25-მა აფრიკულმა ქვეყანამ კენჭისყრის დროს თავი შეიკავა ან საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, ერითრიამ კი მოსკოვის მხარი დაიკავა. პეტერბურგის ამასწინანდელ საერთაშორისო ფორუმზე ალჟირის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნმა ვლადიმირ პუტინს "მთელი კაცობრიობის მეგობარი" უწოდა და ერთადერთი მსოფლიო ლიდერი გახლდათ, რომელმაც თანხმობა განაცხადა, ხსენებულ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტის გვერდით დამჯდარიყო.
გასულ შაბათ-კვირას მოსკოვში აფრიკული დელეგაცია ჩავიდა უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად "მშვიდობიანი გეგმის" განხილვის მიზნით, მისიას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად რუსეთს ზამბიის, სენეგალისა და კომორის კუნძულების პრეზიდენტები ეწვივნენ. ამ უკანასკნელის ლიდერი აზალი ასუმანი ამჟამად აფრიკულ კავშირს ხელმძღვანელობს. მოსკოვში ასევე ჩავიდნენ ეგვიპტეს პრემიერმინისტრი და უგანდის საგარეო საქმეთა მინისტრი. პუტინთან შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა ომში უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ "რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არასოდეს უთქვამს და სადღეისოდ ეს მხოლოდდამხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის გამოა შეუძლებელი". მოსკოვში ვიზიტამდე დელაგაცია კიევში იყო ჩასული და ამ ვიზიტის დროს ქალაქი რუსებმა დაბომბეს. აფრიკული ქვეყნების "სამშვიდობო ინიციატივამ" კიევის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა იმის გამო, რომ არ შეიცავდა უკრაინული მხარისთვის პრინციპულ დებულებას ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანის თაობაზე.
იხილეთ ასევე: კიევმა აფრიკის ე.წ სამშვიდობო გეგმა უარყო


