კიევმა აფრიკის ე.წ სამშვიდობო გეგმა უარყო
17/06/2023 12:11:20 მსოფლიო
კიევმა აფრიკის ე.წ სამშვიდობო გეგმა უარყო. აფრიკული ქვეყნების "სამშვიდობო გეგმაში" არ აღმოჩნდა პუნქტი უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ. საკვანძო ფორმულირებები, რომლებიც აფრიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ გააჟღერა, შეიცავს მოწოდებებს დაუყოვნებლივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და "ორივე მხრიდან დე ესკალაციის შესახებ".
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს მიდგომა მიუღებელი აღმოჩნდა.
"ეს ომს ვერ შეაჩერებს. დავუშვათ რუსეთთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები დღეს, როცა ოკუპანტი ჩვენს მიწაზე დგას - ნიშნავს, გავყინოთ ომი, ტკივილი და ტანჯვა. ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა და მაშასადამე, რუსული ჯარის რეალური გაყვანა მთელი ჩვენი დამოუკიდებელი მიწიდან" - განაცხადა აფრიკული ქვეყნების კავშირის ლიდერების დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ.
ამასთან, მან დელეგაციის წევრები მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია და მოუწოდა, მშვიდობის უკრაინულ ფორმულას დაუჭირონ მხარი.


