რუსეთის მთავრობამ ელიტაში განხეთქილება აღიარა
13/06/2023 09:01:25 მსოფლიო
რუსეთის ელიტაში უკრაინის ომის ფონზე ერთიანობა არ არის, ვინაიდან ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების არსი ყველას როდი ესმის, - განაცხადა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ანდრეი ბელოუსოვმა.
"ყველა ერთი მიმართულებით ვერ იხედება მსგავსი რამ არც ადრე ყოფილა, არც სადღეისოდ ხდება. ჩვენს ქვეყანას კი ყოველთვის ახასიათებდა მნიშვნელოვანი ღირებულებითი განხეთქილებები, რომელიც განსაკუთრებით რეფორმების პერიოდში მწვავდებოდა. ასე, მაგალითად, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ოფიცერთა კორპუსიც კი ორად გაიყო - წითლებად და თეთრებად. დაახლოებით იგივე მოხდა 1990-იან წლებში, როცა საზოგადოებაში მნიშნელოვანი განხეთქილება დაფიქსირდა, ასე, რომ საკმაოდ ძნელია, აიძულო ყველა, ერთნაირად იაზროვნოს. მეტიც, ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელიც კია და თან კონტრპროდუქტიული, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, განხეთქილება ასევე სახეზე გვაქვს და მის უარყოფას აზრი არ აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არსებობდეს ბირთვი, რომელიც მიმდინარე მოვლენების არსს ბადებს და კარგად აცნობიერებს ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნებს, რომელსაც ესმის, რომ ეს ეხება არამარტო პირად შემოსავლებს, ქონებას, ოჯახის კეთილდღეობას ან თუნდაც ქვეყანას, არამედ მთელი კაცობრიობის მომავალს" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
უკრაინის ომი, რომელიც უკვე მეთექვსმეტე თვეა, გრძელდება, პრეზიდენტ პუტინისადმი ელიტის ნდობას სულ უფრო მეტად არყევს. მომავლის რწმენას განსაკუთრებით უთხრის ძირს ბოლო პერიოდში მოსკოვზე საჰაერო შეტევები და საბრძოლო მოქმედებების უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე გავრცელება, - წერს მედია რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.


