ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულ მოსაზრებას აქვეყნებს
12/06/2023 20:15:56 პოლიტიკა
ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის დაძლევისთვის არაეფექტურია.
დოკუმენტში მიმოხილულია როგორც საქართველოს კონტექსტი, ასევე კანონპროექტი და მისი სუსტი მხარეები და ნათქვამია, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.
მანამდე კომისიამ აპრილში გამოქვეყნდა შუალედური მოსაზრებაც, რომლის შემდეგაც პარლამენტმა პირველად კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა და ხელახლა გაუგზავნა ის კომისიას. განახლებულ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ინარჩუნებს კომისია კრიტიკულ პოზიციას: დოკუმენტში, რომელიც 12 ივნისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ამჟამინდელი კანონპროექტი ვერ განიხილება, როგორც დეოლიგარქიზაციის პრობლემის დემოკრატიული გადაწყვეტა და ის არაეფექტური იქნება.კომისია კვლავ მიუთითებს, რომ დოკუმენტში გამოკვეთილია პერსონალური მიდგომები და არ ჩანს, როგორ აღმოფხვრის კანონპროექტი ოლიგარქიულ ზეგავლენებს არამხოლოდ ნაწილობრივ, არამედ სრულად:
„ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ ცვლილებები გამოასწორებს იმ დაპირისპირებებს, რომელიც კანონპროექტს აქვს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. ვენეციის კომისია ასკვნის, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს [ქვეყანამ–რედ.], სანაცვლოდ კი უნდა შემუშავდეს პრობლემის აღმოფხვრის სისტემური მიდგომა".
კომისია მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი, ხოლო ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სახელმწიფო უწყებებს შემდეგი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს, რაც მათ შორის მოიცავს არსებული სისტემური გამოწვევების სრულფასოვან ანალიზს.
ამასთან, შემუშავდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრას. მათ შორის ვენეციის კომისიამ დაასახელა კორუფციასთან ბრძოლის გაუმჯობესება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება; მედია პლურალიზმისა და მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობა; „ფულის გათეთრების“ წინააღმდეგ არსებული პოლიტიკის გაუმჯობესება.
ვენეციის კომისიის შეფასებით, იმისთვის, რომ ზემოხსენებულმა სისტემამ გამართულად იმუშაოს, საჭიროა სასამართლო სისტემის სრულფასოვანი რეფორმა – მისი დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
იხილეთ ასევე: მდინარაძე: თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, შეგვეძლება, კანონი არ ავამოქმედოთ


