თეთრი სახლი: "რუსეთის ტერიტორიებზე არანაირ თავდასხმებს მხარს არ ვუჭერთ"
31/05/2023 05:36:59 მსოფლიო
თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთის ტერიტორიის შიგნით თავდასხმებს მხარს არ უჭერს და იმაზეა კონცენტრირებული, რათა უკრაინას მისი ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს.
"ჩვენ გავეცანით ცნობებს მოსკოვზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით და ამ დრომდე ვაგრძელებთ ინფორმაციით შეგროვებას, რათა საბოლოოდ დავასკვნათ, რა მოხდა რეალურად" - ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა: "რუსეთის ტერიტორიებზე არანაირ თავდასხმებს მხარს არ ვუჭერთ. სულ ესაა. წერტილი".
ამასთან, მან შეახსენა ბრიფინგზე შეკრებილ ჟურნალისტებს, რომ მარტო მიმდინარე თვის განმავლობაში რუსეთმა კიევზე 17 დარტყმა განახორციელა.
"რუსეთმა დაიწყო ეს უპრეცედენტო ომი უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთსვე შეუძლია, იგი ახლავე დაასრულოს - გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან ნაცვლად იმ არაადამიანური საჰაერო დარტყმებისა, რომელთა განხორციელებასაც ყოველდღიურ რეჟიმში სამოქალაქო ობიექტებზე განაგრძობს" - განაცხადა ჟან-პიერმა და დასძინა და რომ ვაშინგტონის პოზიცია უკრაინისთვის 300კმ-ზე მეტი სიშორის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გადაცემის საკითხში უცვლელია.
30 მაისის საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ბრიტანეთმა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ უკრაინას კანონიერი უფლება აქვს, თავდაცვის მიზნით სამხედრო ძალა მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გამოიყენოს.
ცნობისთვის: 30 მაისს მოსკოვზე უკრაინის ომის დაწყების დროიდან უმსხვილესი საჰაერო შეტევა განხორციელდა. დამოუკიდებელი რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქს 25 დრონი უტევდა, რომელთაგან რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მხოლოდ 10-ის ჩამოგდება შეძლო. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონები სამ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაშავდა ორი ადამიანი.


