ბრიტანეთი აღიარებს კიევის უფლებას, მოსკოვს შეუტიოს
31/05/2023 04:56:19 მსოფლიო
უკრაინას კანონიერი უფლება აქვს, თავდაცვის მიზნით სამხედრო ძალა მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გამოიყენოს - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ 30 მაისს მოსკოვზე დრონების შეტევის კომენტირებისას.
"კიევს კანონიერი უფლება აქვს ასე მოიქცეს. საკუთარი საზღვრების ფარგლებში და ასევე გამოიყენოს სამხედრო ძალა მის საზღვრებს გარეთ, რათა მოუსპოს რუსეთს შესაძლებლობა, სამხედრო ძალა უკრაინაში გამოიყენოს. უკრაინის საზღვრებს გარეთ არსებულ კანონიერ სამხედრო სამიზნეებზე შეტევები - ეს კიევის თავდაცვის ნაწილია და ეს უნდა ვაღიაროთ" - განაცხადა კლევერლიმ და იქვე დასძინა, რომ 30 მაისს მოსკოვზე განხორციელებული საჰაერო შეტევის ხასიათზე ვარაუდის გამოთქმა არ სურს.
30 მაისის საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ვაშინგტონმა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ვაშინგტონი რუსეთის ტერიტორიის შიგნით თავდასხმებს მხარს არ უჭერს და იმაზეა კონცენტრირებული, რათა უკრაინას მისი ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს. "ჩვენ გავეცანით ცნობებს მოსკოვზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით და ამ დრომდე ვაგრძელებთ ინფორმაციით შეგროვებას, რათა საბოლოოდ დავასკვნათ, რა მოხდა რეალურად" - ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა: "რუსეთის ტერიტორიებზე არანაირ თავდასხმებს მხარს არ ვუჭერთ. სულ ესაა. წერტილი".
ამასთან, მან შეახსენე ბრიფინგზე შეკრებილ ჟურნალისტებს, რომ მარტო მიმდინარე თვის განმავლობაში რუსეთმა კიევზე 17 დარტყმა განახორციელა. "რუსეთმა დაიწყო ეს უპრეცედენტო ომი უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთსვე შეუძლია, იგი ახლავე დაასრულოს - გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან ნაცვლად იმ არაადამიანური საჰაერო დარტყმებისა, რომელთა განხორციელებასაც ყოველდღიურ რეჟიმში სამოქალაქო ობიექტებზე განაგრძობს" - განაცხადა ჟან-პიერმა და დასძინა და რომ ვაშინგტონის პოზიცია უკრაინისთვის 300კმ-ზე მეტი სიშორის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გადაცემის საკითხში უცვლელია.
ცნობისთვის: 30 მაისს მოსკოვზე უკრაინის ომის დაწყების დროიდან უმსხვილესი საჰაერო შეტევა განხორციელდა. დამოუკიდებელი რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქს 25 დრონი უტევდა, რომელთაგან რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მხოლოდ 10-ის ჩამოგდება შეძლო. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონები სამ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაშავდა ორი ადამიანი.


