საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ინფორმაცია ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვების დაწყებაზე სინამდვილეს არ შეესაბამება
22/05/2023 11:01:25 პოლიტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით ტვირთის რეგულარული გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო. უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება.
აქვე სააგენტო აღნიშნავს, რომ აპრილის თვეში ორი კომერციული რეისი ნამდვილად შესრულდა ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით და იგი პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შეასრულა. უწყება აცხადებს, რომ ამ რეისს რეგულარული ხასიათი არ აქვს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შეაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება".
ცნობისთვის: სომხურმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვას მალე დაიწყებდა. გასული წლის ნოემბერში სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა. მისი თქმით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას მკაცრად აკვირდებოდა.
აგვისტოში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურაა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც მხოლოდ ის იყო განმარტებული, რომ საქართველოს სატრანზიტო კორიდორის გადატვირთულობის გამო, სომხეთს მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვისას შეფერხება ექმნება.
"ამიტომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს“, – ნათქვამია იყო განცხადებაში.
მასში ასევე ეწერა, რომ ვინაიდან სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ქვეყანა საქართველოს ნავსადგურებით სარგებლობს, რასაც საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს.
აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველომ სატრანსპორტო კომპანიებთან რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაასრულა.
2022 წლის აგვისტოში აღნიშნულ საკითხს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ. კერძოდ, "აქცენტისთვის" გამოგზავნილ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით. ამავდროულად, ვაშინგტონი მხარს უჭერს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მიმოსვლას:
"უკრაინაში არაპროვოცირებული ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე და შემდეგ ამ სანქციების აღსრულებაზე შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ. აშშ მხარს უჭერს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის, მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის თავისუფალ მიმოსვლას, ასევე – ამ სექტორებში ვაჭრობის ხელშემწყობ საქმიანობას".


