სომხური მედია: ბათუმი-ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები დაიწყო
22/05/2023 08:38:04 პოლიტიკა
ბათუმი- ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით საზღვაო გადაზიდვები დაიწყო, – იუწყება სომხური სიანფორმაციო სააგენტო "არმენპრესი".
"რუსეთიდან ლარსის გავლით სომხეთში ტვირთების გადაზიდვის ალტერნატივას დიდი ხანია, ვეძებდით, მიმდინარე წლის აპრილიდან კი გადაზიდვები ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით დავიწყეთ. საზღვაო გზით ტვირთების გადაზიდვას კომპანია სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ახორციელებს. ჩვენს გემს 350 კონტეინერის გადაზიდვა შეუძლია. 18 აპრილს პირველი წარმატებული გადაზიდვა განვახორციელეთ, ვგეგმავთ ერთ რეგულარულ ყოველკვირეულ რეისს ნოვოროსიისკი - ბათუმის და უკუმიმართულებით. მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ გადაზიდვების რაოდენობის 2-4 -ჯერ გაზრდას შევძლებთ. ახლა ყველაზე მთავარია რეგულარური, სტაბილური გადაზიდვები კვირაში ერთხელ განვახორციელოთ“, - განუცხადა გამოცემას გადამზიდავიკომპანია C&M INTERNATIONAL-ის დირექტორმა დავიდ ილოიანმა.
საქართველოს ხელისუფლება სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ–ჯერობით არ გამოხმაურებია.
მანამდე, სომხურმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვას მალე დაიწყებდა. გასული წლის ნოემბერში სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა. მისი თქმით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას მკაცრად აკვირდებოდა.
აგვისტოში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურაა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც მხოლოდ ის იყო განმარტებული, რომ საქართველოს სატრანზიტო კორიდორის გადატვირთულობის გამო, სომხეთს მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვისას შეფერხება ექმნება.
"ამიტომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს“, – ნათქვამია იყო განცხადებაში.
მასში ასევე ეწერა, რომ ვინაიდან სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ქვეყანა საქართველოს ნავსადგურებით სარგებლობს, რასაც საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს.
აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველომ სატრანსპორტო კომპანიებთან რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაასრულა.
2022 წლის აგვისტოში აღნიშნულ საკითხს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ. კერძოდ, "აქცენტისთვის" გამოგზავნილ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით. ამავდროულად, ვაშინგტონი მხარს უჭერს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მიმოსვლას:
"უკრაინაში არაპროვოცირებული ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე და შემდეგ ამ სანქციების აღსრულებაზე შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ. აშშ მხარს უჭერს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის, მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის თავისუფალ მიმოსვლას, ასევე – ამ სექტორებში ვაჭრობის ხელშემწყობ საქმიანობას".


