უკრაინის საგარეო მოსკოვში ჩასულ ლიდერებს აკრიტიკებს
09/05/2023 11:56:59 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე დასწრებას ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს.
„აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობას საჯარო ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელსაც თავი მოაქვს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო ომის გაჩაღებით, განვიხილავთ, როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინის მიმართ და უპატივცემულობის გამოხატვად უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გადარჩენისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ხალხებმა 78 წლის წინ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ნაციზმზე გამარჯვებაში და „ისინი არ იმსახურებენ, რომ ახლა კრემლმა ყალბ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გამოიყენოს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ნაციზმზე გამარჯვებასთან“.
იხილეთ ასევე: ვინ დაესწრო პუტინის აღლუმს და რა განასხვავებდა მას წინა წლებისგან


