
NDI – საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს
03/05/2023 08:41:01 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. ამასთან, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.
კითხვაზე, "გყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და რეგულარულად უგზავნის ფულს თქვენს ოჯახს?" - რესპონდენტთა 16% პასუხობს, რომ ჰყავს. ხოლო კითხვაზე, "რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ?", გამოკითხულთა 15% პასუხობს, რომ მოსალოდნელია, ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
იხილეთ ასევე: დიდი მიგრაცია და “ოცნების” პროპაგანდა: რაში გვარწმუნებს და რას გვიმალავს კობახიძე