Accentnews.ge
დიდი მიგრაცია და “ოცნების” პროპაგანდა: რაში გვარწმუნებს და რას გვიმალავს კობახიძე

დიდი მიგრაცია და “ოცნების” პროპაგანდა: რაში გვარწმუნებს და რას გვიმალავს კობახიძე

23/02/2023 16:04:17 ანალიზი

2022 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მიღების თხოვნით განაცხადები საქართველოს 29 ათასამდე (28 797) მოქალაქემ წარადგინა, რაც წინა – 2021 წლის მაჩვენებელს (14 647) თითქმის ორჯერ აღემატება. ამასთან, 2022 წლის განაცხადების აბსოლუტური უმრავლესობა (26 400) პირველადი იყო და მხოლოდ მცირე ნაწილი (2397) – განმეორებითი. მიგრაციის საქმეთა სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირმა გასულ წელს საქართვეოს მოქალაქეთა 18 850 განაცხადი განიხილა და შემთხვევების უმეტესობაში (18 089 განაცხადი, ანუ 96%) მთხოვნელები უარით გაისტუმრა. ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 468-მა მოქალაქემ მიიღო, დამატებითი დაცვა - 258-მა. სადღეისოდ განხილვის სტადიაშია საქართველოს მოქალაქეთა კიდევ 15 328 განაცხადი.

საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა ბოლო წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

2014 წ. — 8728;

2015 წ. — 8049;

2016 წ. — 8573;

2017 წ. — 11 579;

2018 წ. — 19 959;

2019 წ. — 22 118;

2020 წ. — 8508;

2021 წ. —14 647;

2022 წ. — 28 797.

მთლიანობაში ევროკავშირმა გასულ წელს თავშესაფრის თხოვნით 966 ათასამდე განაცხადი მიიღო, რაც 1,5-ჯერ აღემატება წინა - 2021 წლის მაჩვენებელს. მთხოვნელთა შორის პირველობენ სირიის (132 ათასი), ავღანეთის (129 ათასი), თურქეთის (55 ათასი), ვენესუელის (51 ათასი), კოლუმბიის (43 ათასი) მოქალაქეები. ამასთან, განაცხადების რაოდენობის კუთხით რეკორდული ზრდა თურქეთთან, ვენესუელასთან, კოლუმბიასა და ბანგლადეშთან ერთად, აჩვენა ჩვენმა ქვეყანამაც.

საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 20 თებერვალს Facebook-ში გამოქვეყნებული მორიგი პროპაგანდისტული პუბლიკაციით სცადა, ხელისუფლებისთვის ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინებაზე პასუხისმგებლობა აერიდებინა და ამავდროულად, სტატისტიკა ბოლო დროისთვის უკვე ტრადიციული ანტიდასავლური მანიპულაციისთვის გამოეყენებინა.

კობახიძის მტკიცებით, რომ არა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი (ის, რასაც “ქართული ოცნება” თავის დროზე პირად დამსახურებად მიიწერდა და დიდად იწონებდა თავს!!!), საქართველოდან ევროპაში ნაკლები მოქალაქე გავიდოდა, ვიდრე დაბრუნდებოდა. ამასთანავე, მისივე მტკიცებით, საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, “ყველაზე ოპტიმალური მონაცემები აქვს”:

“ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ ლიეტუვის მოსახლეობა 600 ათასით შემცირდა, ლატვიის – 400 ათასით... საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ კი 2018-2021 წლებში მიგრაციის უარყოფითმა სალდომ სულ 29 ათასი შეადგინა, ანუ, ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნიდან სულ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. და რომ არა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ წლებში საქართველოს მიგრაციის არა უარყოფითი, არამედ დადებითისალდო ექნებოდაო”.

კობახიძე პროპაგანდისტულ პოსტში აშშ-საც გადასწვდა და საქართველოს მიმართ მის მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას გაუსვა ხაზი, თუმცა იქვე აღნიშნა ამის დადეფითი ეფექტიც – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დისკრედიტაციისათვის:

“2021 წელს აშშ-მა საქართველოს მოქალაქეთა სავიზო განაცხადების მხოლოდ 37% დააკმაყოფილა… მეორეს მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვნად უშლის ხელს ქართველების აშშ-ში იმიგრაციას, რასაც თავისი დადებითი ეფექტი აქვსო”.

ეს, როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” ახალი პროპაგანდისტული ნარატივია მოსახლეობის უმრავლესობის ნების შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციაში ასახული ევროინტეგრაციის კურსის წინააღმდეგ. კობახიძის გზავნილის “ლოგიკა” მარტივი ამოსაცნობია: აქაოდა, “ევროკავშირის წევრობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ევროპული გაერთიანების ტერიტორიაზე ნებისმიერ წერტილში დასახლება/მუშაობის შესაძლებლობას მისცემს და თუ გავითვალისწინებთ, რომ უვიზო რეჟიმმაც კი საქართველოდან მიგრაცია ესოდენ გაზარდა, წარმოიდგინეთ, რაოდენ დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაო”.

ეს გზავნილი კარგად ებმის კიდევ ერთ, წმინდად კრემლისტური წარმომავლობის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელსაც ადრე პუტინის რეჟიმის კვალდაკვალ საქართველოში მოქმედი პრორუსული ჯგუფები იყენებდნენ, ბოლო დროს კი უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც აიტაცეს, – აქაოდა, “ევროპა იდენტობას გვართმევსო”.

რეალურად, ევროსტრუქტურების სტატისტიკა ნათლად მეტყველებს, რომ კობახიძის მიერ მოყვანილი მონაცემები, რომლებიც არ მოიცავს 2022 წელს, უბრალოდ არააქტუალურია.

კერძოდ, ევროკავშირის თავშესაფრის საკითხთა სააგენტოს მოხსენების საქართველოსთვის მიძღვნილ ნაწილში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა წარმოადგენდა ძირითად ფაქტორს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საერთაშორისო დაცვის შესახებ მიმართვების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოს დაახლოებით 24 000-მა უკრაინელმა, 15 000-მა ბელარუსმა და 100 000-ზე მეტმა რუსმა შეაფარა თავი, იმავდროულად კი 2022 წლის მარტო პირველი ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის მინიჭების თხოვნით 8 000-ზე მეტი განაცხადი მიიღეს, რაც 183%-ით აღემატება წინა - 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, 10-დან 9 მთხოვნელმა განაცხადი პირველად წარადგინა და მხოლოდ ერთმა – განმეორებით. კობახიძის სტატისტიკა კი მოიცავს 2020-2021 წლების პანდემიურ პერიოდს, როცა ქვეყნებს შორის მიმოსვლა პრაქტიკულად განულებული იყო.

ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ისევე, როგორც შს მინისტრი, რომელიც ორიოდ დღის წინ პარლამენტში სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის საკითხზე აკეთებდა კომენტარს, გამიზნულად თუ გაუმიზნავად, ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიული თვალსაზრისით კრიტიკულ ცვლილებებს განიცდის და ეს ქვეყანას დიდ პრობლემებს უქადის. კერძოდ, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 2012-დან 2021 წლის ჩათვლით საქართველოში მუდმივ საფუძველზე რუსეთის ფედერაციის 44 ათასამდე მოქალაქე დასახლდა, ქვეყნიდან იმავე პერიოდში გასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 200 ათასზე მეტით აღემატებოდა დაბრუნებულთა რიცხვს. ამგვარად, მოსახლეობის ჯამური რაოდენობრივი ბალანსი შესაძლოა, დიდად არ იცვლებოდეს, მაგრამ ეს – იმის ხარჯზე, რომ ქვეყნის მოქალაქეებს ჩამოსულები ანაცვლებენ. და თუ მსოფლიო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მომხდურთაგან, როგორც წესი, სამშობლოში ნახევარი თუ ბრუნდება.

კობახიძისგან განსხვავებით, ანალიტიკოსები საქართველოდან მოსახლეობის გადინების ძირითად მიზეზებად სოციალურ სიდუხჭირესა და უიმედობას ასახელებენ.

„შეიძლება, ითქვას, რომ მომსწრენი ვართ დიდი მიგრაციის მეორე ტალღის. პირველი იყო 1990–იანი წლების ბოლოს – შიმშილისა და სამოქალაქო ომის ხანაში, როცა საქართველო მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ახლა გადინების ახალ ტალღაში ვართ, რომელსაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მისით გამოწვეული უიმედობა განაპირობებს: შრომისუნარიანი მოქალაქისთვის ქვეყანაში აღარ არსებობს პერსპექტივა, საკუთარი საქმიანობით უზრუნველყოს პირადი და ოჯახის საჭიროებები; საშუალო ფენა პრაქტიკულად განადგურებულია (აქ ვგულისხმობ ბიზნესსაც, სადაც ველური კაპიტალიზმის პირობებში უფრო ვართ, ვიდრე რეალურის, ხოლო სადაც არსებობს ველური კაპიტალიზმი, რომელიც შერწყმულია სახელმწიფოსთან, კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია). ასეთ ვითარებაში რა გასაკვირია, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ინიციატივა, სცადოს, წავიდეს მოწესრიგებულ დასავლეთში, გარბის და ინდივიდუალურად ცდილობს გადარჩენას?!“ – ამბობს "აქცენტთან" საუბრისას პოლიტიკის კომენტატორი ვახტანგ ძაბირაძე.

ამ მოვლენის ნეგატიურ შედეგებზე საუბრისას (ქვეყნიდან იმ შრომისუნარიანი მოქალაქეების გადინება, რომლებიც აქ უნდა ქმნიდნენ დოვლათს, ამოძრავებდნენ ეკონომიკას და ამასთანავე, ამრავლებდნენ ერს) ანალიტიკოსი კიდევ ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი თქმით, ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა გარდაუვალია:

„მხედველობაში მაქვს უფრო დაბალგანვითარებული, კიდევ უფრო დაბალი ანაზღაურების მქონე ქვეყნებიდან მუშახელის არაორგანიზებული შემოდინება, რაც სამომავლოდ საქართველოში შრომის ანაზღაურების კიდევ უფრო დაქვეითებას გამოიწვევს. ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ზოგიერთ სეგმენტში მუშახელის „შიმშილი“ უკვე გაჩნდა. და თუ არ შეიქმნა ეკონომიკურად თავისუფალი სივრცე, რეალურად კონკურენტული გარემო, ეს კიდევ ერთ მიგრაციულ ტალღას გამოიწვევს. კვალიფიციური კადრები მაგალითად, ესტონეთიდანაც გადადიან გერმანიაში, სადაც უფრო მაღალი ანაზღაურებაა, მაგრამ აქ რაოდენობაა მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ძალიან მაღალია. ციფრებით მანიპულირება კი, როგორც ამას ხელისუფლება გვთავაზობს, სიტუაციას ვერ უშველის, – უნდა დათვალო ჯამურად“.

და ბოლოს – მოსახლეობის გადინებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი – პოლიტიკური გარემოება. დამკვირვებლები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ქვეყანას ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები და ე.წ. „შუაშისტები“ (არც ერთ მსხვილ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს) ტოვებენ და არჩევნებზე ხმის მიცემის ელექტრონული წესის ამოქმედების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, - ცხადია, მანიპულაციების გამორიცხვის მექანიზმით.

თუმცა ვახტანგ ძაბირაძის აზრით, მიუხედავად ამგვარი გადინებისა, მმართველ გუნდს სიმშვიდის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს, რადგან "სადღეისოდ „ქუჩის სიმშვიდეს“, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და საფრთხეების შიში განაპირობებს, საზოგადოება ერთგვარი მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ როგორც კი ომი დასრულდება, დასრულდება ხელისუფლების მშვიდი ყოფაც“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S