
იოსელიანი – NGO-ების ანგარიშის შესახებ: "სახალხო დამცველის არჩევა შესრულებული რეკომენდაციაა"
20/04/2023 11:42:02 საზოგადოება
სახალხო დამცველი ლევანი ოსელიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, კერძოდ, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა შესრულებული პუნქტია.
იოსელიანის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებიც უდასტურებენ, რომ სახალხო დამცველის არჩევა ერთ-ერთი შესრულებული რეკომენდაციაა.
„სახალხო დამცველის არჩევა ეს არის შესრულებული რეკომენდაცია და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ადასტურებენ, როდესაც მე მათ ვხვდები და ამ თანამდებობაზე არჩევას მილოცავენ. ევროპის უმეტეს ქვეყანაში (37 ქვეყანაში) სახალხო დამცველად ყოფილი პოლიტიკოსები არიან არჩეულები. ძირითადად პოლიტიკოსები სახალხო დამცველები ხდებიან, იმიტომ, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესიც დემოკრატიულ ქვეყნებში არის პოლიტიკური პროცესი, ანუ პოლიტიკურ ჯგუფებში შეთანხმების პროცესი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ იქ არჩევანი პოლიტიკოსზე გაკეთდება, რომელიც მერე ტოვებს პოლიტიკას და უფლებებზე მუშაობას აგრძელებს და არა მესამე სექტორზე ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე. ჩვენი ქვეყანა თუ განვითარდება პოლიტიკური პლურალიზმის ჭრილში და ბევრი პარტია იქნება სამომავლოდ პარლამენტში, დამერწმუნეთ, რომ ყოველთვის ჩემ შემდგომაც პარლამენტში არჩევანი პოლიტიკოსზე გაკეთდება. ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიები უკვე არავის დაუთმობენ, იმიტომ, რომ ეს კონსენსუსით მისაღწევი გადაწყვეტილებაა. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც სახალხო დამცველის კანდიდატურა მმართველმა პარტიამ განა დაუთმო ოპოზიციას ან არასამთავრობო სექტორს, პირიქით კონსენსუსის მიღწევა მოხდა. იმიტომ, რომ ხმები, რომელიც უნდა მომეგროვებინა, არ ჰქონდა არც მმართველ პარტიას და შესაბამისად, არც ოპოზიციას. ამიტომ ამ ხმების კონსოლიდაცია აუცილებელი იყო“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდება და საქართველოსთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პირობიდან სრულად მხოლოდ 1 აქვს შესრულებული.