
არასამთავრობო ორგანიზაციები: „ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული“
20/04/2023 08:43:34 პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პირობიდან სრულად მხოლოდ 1 აქვს შესრულებული.
„კანდიდატის სტატუსმეტრი“ 8 ორგანიზაციამ „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით მოამზადა. დოკუმენტი ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს.
„ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან შესრულებულია მხოლოდ ერთი პირობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეკომენდაციების პრაქტიკულად გათვალისწინება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს - ორი მეტწილად შესრულებულია, ოთხი - ნაწილობრივ, ხოლო ხუთი რეკომენდაცია სრულად შეუსრულებელია“, - განაცხადა „ფონდი ღია საზოგადოების“ წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა მედიასთან.
კითხვაზე, რომელია ის 5 რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე ნაწილობრივაც კი არ შეუსრულებია, ქეთი ხუციშვილი აცხადებს, რომ ეს არის დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მედიის სრულყოფილი საქმიანობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და სასამართლოს საკითხები.
რაც შეეხება ნაწილობრივ შესრულებულ რეკომენდაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მეტნაკლებად გამოსწორებულია გენდერული თანასწორობის დაცვის და ორგანიზაციულ დანაშაულთან სამართლებრივი ბრძოლის საკითხები.
„კანდიდატის სტატუსმეტრი“ შედგენილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებებით:
ღია საზოგადოების ფონდი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სასამართლოს გუშაგი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
საფარი.