
ერთი კვირის ვადაში მასწავლებლების ნაწილთან გვექნება შეხვედრა - მინისტრი პედაგოგების პროტესტზე
18/04/2023 14:50:28 პოლიტიკა, საზოგადოება
განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ხვალიდან სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზოგადი განათლების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს, რომლის ფარგლებშიც იმ პედაგოგებსაც შეხვდებიან, რომლებსაც თავიანთი მოსაზრებები აქვთ მასწავლებლებისთვის სავალდებულო აქტივობების შესახებ. ასე უპასუხა ამილახვარმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას – აპირებს თუ არა შეხვდეს იმ პედაგოგებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ პორტფოლიოს მომზადების ვადებთან დაკავშირებით.
როგორც პედაგოგები განმარტავენ, ძირითადი უკმაყოფილება წამყვან–მენტორის სტატუსის მიღების მიზნით გამოცდა ჩაბარებული მასწავლებლებისთვის სავალდებულო პორტფოლიოს მომზადებისთვის განსაზღვრულ ვადებს უკავშირდება. მათ გამოცდა გასულ წელს ჩააბარეს და იმ დროისთვის მასწავლებლებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ორი პირობის შესახებ: გამოცდის ჩაბარება და პრაქტიკული ნაწილის დადასტურება, მაგრამ არა კონკრეტულად როგორი სახით. მასწავლებლების თქმით, პორტფოლიოს სავალდებულოობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ თვეობით გაჭიანურდა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ შესაბამისი დოკუმენტების ასატვირთად ვადა აპრილის ბოლომდე განისაზღვრა. ამ გარემოებას პედაგოგები უსამართლოდ მიიჩნევენ, არათანაბარ პირობებში აყენებს რა მათ იმ მასწავლებლებთან, რომელთაც სტატუსის ცვლილებისთვის გამოცდა ვერ ჩააბარეს. მასწავლებლები მოითხოვენ, რომ სტატუსის ცვლილება მოხდეს მასწავლებლების არჩევანის მიხედვით: გამოცდა ან პორტფოლიო.
„ხვალ უკვე იქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროში, რომელიც სხვადასხვა სასკოლო და ზოგადი განათლების საკითხთან მიმართებით, მათ შორის, განსაკუთრებით მასწავლებლის კარიერულ სქემასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს უახლოეს მომავალში. მაქსიმუმ ალბათ ერთი კვირის ვადაში გვექნება ასევე ამ მასწავლებლების ნაწილთან შეხვედრა, ვისაც თავიანთი მოსაზრებები გააჩნიათ სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით და პირველ რიგში მათთან შეჯერებითა და მსჯელობით მივიღებთ იმ სწორ გადაწყვეტილებას რომელიც შედეგს მოუტანს, რაც მთავარია, ჩვენს შვილებს და აამაღლებს განათლების დონეს სკოლებში“, – განაცხადა მინისტრმა.
პედაგოგებმა მინისტრს შეხვედრის თხოვნით ჯერ წერილობით მიმართეს, შემდეგ ერთობლივი ვიდეოთი, განახორციელეს ზარი სამინისტროში ანალოგიური მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ.