
"მოგვისმინეთ!": მინისტრი, მასწავლებლები და "კატა–თაგვობანა"
12/04/2023 09:35:24 პოლიტიკა, საზოგადოება
"სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე აცხადებს, რომ განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი კატა–თაგვობანას ეთამაშება მასწავლებლებს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მენტორ-წამყვანის გამოცდა პირნათლად ჩააბარეს და სრულიად გაუგებარ ვითარებაში აღმოჩნდენ.
„განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი, რომელიც პირობას დებდა, რომ შეხვდებოდა ყველა ღირსეულ მასწავლებელს პირობას არღვევს და 500 მასწავლებლის მიმართვას შეხვედრაზე უგულებელყოფს. ამილახვარი კატა–თაგვობანას ეთამაშება მასწავლებლებს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მენტორ-წამყვანის გამოცდა პირნათლად ჩააბარეს და სრულიად გაუგებარ ვითარებაში აღმოჩნდენ. გამოცდის გარდა მათ სტატუსის ასამაღლებლად სავალდებულო პორტფოლიოს წარდგენა ევალებათ. კრიტერიუმები კი გამოცდიდან 8 თვის თავზე ანუ 10 აპრილს "აღირსეს", ხოლო ატვირთვის ვადა მხოლოდ თვის ბოლომდე განუსაზღვრეს. არ დაგვავიწყდეს,რომ სააღდგომო დღესასწაულები ამ მონაკვეთში ექცევა და მასწავლებლები სრულიად დისკრიმინირებულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, - ამბობს ნანა ტოხვაძე.
„ჩვენს უკან ათასობით მასწავლებელია!"
მასწავლებლები განათლების მინისტრთან შეხვედრას, რომელიც პირობას დებდა, რომ მოუსმენდა მათ, ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. ამჯერად მათ მინისტრის ყურადღების მიქცევა ვიდეომიმართვის ჩაწერით სცადეს.
"არა ქაღალდომანიას!"
როგორც პედაგოგები განმარტავენ, ძირითადი უკმაყოფილება წამყვან–მენტორის სტატუსის მიღების მიზნით გამოცდა ჩაბარებული მასწავლებლებისთვის სავალდებულო პორტფოლიოს მომზადებისთვის განსაზღვრულ ვადებს უკავშირდება. მათ გამოცდა გასულ წელს ჩააბარეს და იმ დროისთვის მასწავლებლებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ორი პირობის შესახებ: გამოცდის ჩაბარება და პრაქტიკული ნაწილის დადასტურება, მაგრამ არა კონკრეტულად როგორი სახით. მასწავლებლების თქმით, პორტფოლიოს სავალდებულოობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ თვეობით გაჭიანურდა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ შესაბამისი დოკუმენტების ასატვირთად ვადა აპრილის ბოლომდე განისაზღვრა. ამ გარემოებას პედაგოგები უსამართლოდ მიიჩნევენ, არათანაბარ პირობებში აყენებს რა მათ იმ მასწავლებლებთან, რომელთაც სტატუსის ცვლილებისთვის გამოცდა ვერ ჩააბარეს.
მასწავლებლები მოითხოვენ, რომ სტატუსის ცვლილება მოხდეს მასწავლებლების არჩევანის მიხედვით: გამოცდა ან პორტფოლიო.
"გამოცდის ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც იგვიანებს, ეს კიდევ უფრო აზარალებს მასწავლებლებს. ამიტომ, სამართლიანი იქნება, თუ წამყვან–მენტორის სტატუსი გამოცდა ჩაბარებულ მასწავლებლებს პირდაპირ მიენიჭებათ. თუმცა ეს არ გამორიცხავს მასწავლებელთა წინსვლას პორტფოლიოს შეფასებით. მასწავლებლებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუ როგორ ურჩევნიათ წინსვლა – გამოცდით თუ პრაქტიკული საქმიანობის საფუძველზე",– ნათქვამია მასწავლებლების მიერ მომზადებულ პეტიციაში.
პედაგოგები ამილახვარს საკუთარ სიტყვებსაც ახსენებენ, რომელიც მან ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თქვა, „ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებსო!“:
„პირადად, დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს. მიღებული უკუკავშირის შედეგად, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ. გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის, ღირსების და პოპულარიზაციისთვის“.