Accentnews.ge
შეცვალა თუ არა რამე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ კადრების დეფიციტის პირობებში

შეცვალა თუ არა რამე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ კადრების დეფიციტის პირობებში

11/04/2023 10:44:55 ეკონომიკა, საზოგადოება

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა წელიწადზე მეტია, მოქმედებს, თუმცა ამ ეტაპზე მიზნები მიღწეული არაა. გეგმის მიხედვით, შრომით ბაზარზე 200 000–მდე შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი უნდა დასაქმებულიყო, თუმცა ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 30 000–მდეა დასაქმებული. პარალელურად იზრდება ზოგადად სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. მაგალითად, მარტში ქვეყანაში სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რიცხვი 6 76 641–ს აღწევს.

ინფორმაციისთვის: პროგრამის ბენეფიციარები 18 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს, დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, სოციალური შემწეობის მიმღები პირის სტატუსი არ გადამოწმდება.

როგორც უკვე აღინიშნა, გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 000– მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა, 3 500 პროგრამას გამოეთიშა – ნაწილი საკუთარი სურვილით, ნაწილი დაკისრებული სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო და მათ 300–ლარიანი ხელფასის ჩარიცხვაც შეუჩერდათ. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ მოქალაქეთა ხელფასის ზედა ზღვარი სწორედ 300 ლარია, თუმცა ისინი ინარჩუნებენ სოციალურ შემწეობასაც.

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს ბიზნესასოციაციაშიც, სადაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფო საკმაოდ დიდი ინვესტიციებს ახორციელებს მათი დასაქმების კუთხით, თუმცა მოქალაქეები პასიურები არიან. ცნობილი გახდა, რომ დასაქმების ნაწილში სახელმწიფო სააგენტო აწარმოე საქართველოშიც ჩაერთო, რომლის ფარგლებში დასაქმების მაძიებლებს მიკროგრანტებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.

„აქ არ არის საუბარი მაღალი კვალიფიკაციის და კომპეტენციის მქონე ადამიანებზე, არამედ საუბარია ისეთი ტიპის სამუშაოს წარმოებაზე, რომელიც ამ მომენტში შეუძლიათ კონკრეტულ ადამიანებს, წარმართონ. პერსპექტივა ამგვარია: კონკრეტული ადამიანები აჰყავთ კონკრეტულ ადგილზე, რომ ასწავლონ და სწავლების შემდეგ დატოვონ სამუშაო ადგილზე. სააგენტო კომპანიებს რომ ეხმარება ასეთი ტიპის აქტივობების დაგეგმვაში, ესეც თავისთავად პოზიტიურია. მესამე – თუ ამ ადამიანების დატოვება არ მოხდა სამუშაო ადგილებზე, მაშინ ეს სამუშაო ადგილები, პროექტები და ბიზნესაქტივობები შესაძლოა, საფრთხის წინაშე დადგეს“,– ამბობს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

როგორც ცნობილია, დასაქმება ძირითადად სიპებსა და აიპებზეა გათვლილი – 20 000–მდე სოციალურად დაუცველი მეტწილად საზოგადოებრივ სამუშაოშია ჩართული. ამ გადაწყვეტილებას თავის დროზე მოჰყვა ბიზნესის მხრიდან კრიტიკა, რადგან სექტორი სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტს უჩივის.

ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ასოციაციამ დაიწყო სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გადამზადებაც, თუმცა მოქალაქეების დაინტერესება დაბალია და საინფორმაციო კამპანიის ნაწილში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„როდესაც სახელმწიფოს ასი ათასობით სოციალურად დაუცველი ჰყავს, აქტიურად უნდა ჩაერთოს იმ ნაწილში, რომ მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა კურსების და პროექტების შესახებ. წელს ბიზნესს კადრები ძალიან უჭირს“,– ამბობს ივა ჭყონია და იქვე დასძენს, რომ შრომითი ანაზღაურება სექტორში წელს 20–25%–ით გაიზარდა.

თავად სოციალურად დაუცველთა ნაწილი შიშობს, რომ შედარებით მაღალი ანაზღაურების მიღების შემთხვევაში მოეხსნებათ ბენეფიტები (ფულადი დახმარება, შეღავათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, ჯანდაცვის მომსახურება, სახელმწიფო სერვისები), რაც ახლავს სტატუსს და ამის გამო არაფორმალურად დასაქმებას ამჯობინებენ, რასაც თან ახლავს რისკები – მოტყუება დამსაქმებლის მხრიდან. ბოლო მონაცემებით, კერძო სექტორში მხოლოდ 8 000–მდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსგავსი შიშები უსაფუძვლოა და განმარტავენ: თუ შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდება კერძო სექტორში ოთხი თვის განმავლობაში სტაბილურად ერიცხება ხელფასის სახით მინიმუმ 175 ლარი (ზედა ჭერი განსაზღვრული არაა), ჩაერთვება 4–წლიანი ჯავშანი. კერძოდ, სახელმწიფო უნარჩუნებს ყველა შეღავათს, რომელიც თან ახლავს მის სტატუსს, ფულადი გასაცემელის ჩათვლით. ასევე ჰპირდება, რომ არ გადაამოწმებს მის სოციალურ–ეკონმიკურ მდგომარეობას ასევე 4 წლის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი არის შრომისუნარიანი, მაგრამ არ სურს არც შრომის ბაზარზე, არც საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში ჩართვა, კანონის მიხედვით, წელიწადში ერთხელ გადამოწმდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S