
ზოგიერთი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტს - პაპუაშვილი
07/04/2023 08:09:09 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს ტვ პირველისა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების მიზეზს.
მისი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აკრედიტაციის შეჩერებას რაიმე კავშირი აქვს ჟურნალისტების მიერ რესპონდენტებისათვის დასმული კითხვების შინაარსთან.
შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ჟურნალისტებს, გაეცნონ პარლამენტის შენობაში მოქცევის წესებს:
„როგორც ჩანს, არ ერკვევით სამართლებრივ საკითხებში. იმისთვის, რომ პარლამენტში ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის თანამშრომლობა იყოს საქმიანი და ეს არ იყოს აჟიტირება, დევნა, „შევარდნები“ ოთახში, რაც იყო პრაქტიკა, ზოგიერთი ჟურნალისტი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტსაც კი, ამიტომაც შემუშავდა ეს წესები. სწორია ეს პრინციპები. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, კითხვების დასმასთან ერთად წაიკითხონ წესები. რამდენიმე საკითხია, მათ შორის, ის, რომ აპარატის თანამშრომელს ან პარლამენტის წევრს, ადამიანს არ შეუვარდნენ ჩართული კამერებით წინასწარი თანხმობის გარეშე. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, ეს არის დაწესებულება, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო, ამიტომ როცა რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ მისცეს ინტერვიუ, უნდა ვცეთ პატივი“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
6 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში "ტვ პირველისა" და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორს ერთი თვით შეუჩერეს აკრედიტაცია.