
შეკითხვების დასმის გამო ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს
07/04/2023 07:11:00 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დეპუტატ ელისო ბოლქვაძისგან ინტერვიუს აღება.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ". სწორედ ამ პუნქტის დარღვევად მიიჩნია პარლამენტის აპარატმა ელისო ბოლქვაძისთვის 6 აპრილს მოსამართლეების სანქცირების ირგვლივ დასმული შეკითხვები. დეპუტატს არ სურდა პასუხის გაცემა, თუმცა ჟურნალისტებმა მას შეკითხვები მაინც დაუსვეს. ამის გამო აკრედიტაცია შეუჩერეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თათია წოწონავას და ოპერატორს ზუკა ჩხვირკიას, „TV პირველის" ჟურნალისტს, რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორს ირაკლი მურმანიშვილს.
შეკითხვის გამეორების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა ელისო ბოლქვაძემ „TV პირველის" ჟურნალისტს მიმართა: „არ ვიძლევი არავითარ ინტერვიუს. არასოდეს არ მივცემ ინტერვიუს თქვენს ტელევიზიას. თქვენს მაყურებელს მე არ ვცნობ. ვამბობ, რომ „TV პირველის" ინფორმაციებს მე არ ვიზიარებ და თქვენს მაყურებელს არ ვცნობ, გასაგებია?!".
1 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერეს „ფორმულის" ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ცდილობდა დეპუტატ ნინო წილოსანისგან პასუხის მიღებას „PosTV"-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილის საკითხზე.
ჟურნალისტები გადაწყვეტილებას პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობად აფასებენ.