Accentnews.ge
„ეს ჯადოქრობაა თუ სპეციალური ტექნიკა?!“: რა ხდება ბილეთების ბაზარზე

„ეს ჯადოქრობაა თუ სპეციალური ტექნიკა?!“: რა ხდება ბილეთების ბაზარზე

05/04/2023 10:30:18 ეკონომიკა, საზოგადოება

უკმაყოფილო მოქალაქეები სოციალურ ქსელში ინტენსიურად წერენ ბილეთების რეალიზაციის ბაზარზე შექმნილი პრობლემების შესახებ. კერძოდ, მოქალაქეები განმარტავენ, რომ სხვადასხვა ღონისძიებების ბილეთების ელექტრონული წესით შეძენა სულ უფრო რთული ხდება, პარალელურად აქტიურდებიან გადამყიდველები, რომლებიც ბილეთების „შავ ბაზარზე“ გაცილებით მაღალ ფასად (ხშირად რეალურ ღირებულებაზე 3–4–ჯერ ძვირად) რეალიზებას ცდილობენ.

მაგალითად, არსებობს ჯგუფი „ბილეთების შავი ბაზარი“, სადაც მომხმარებლები გამოთქვამენ წუხილს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პრობლემად იქცა მიუზიკლ „შეყრას“ ბილეთების ელექტრონულად შესყიდვა, თუმცა ეს ღონისძიება არაა გამონაკლისი. მომხმარებლები პრეტენზიებს პლატფორმა Tkt.ge–სთან მიმართებით გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ საიტის ხარვეზებით მუშაობის პირობებში უზარმაზარი რიგებია სალაროებთან. ანალოგიური პრობლემებია იგივე საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებითაც. ამასთან დაკავშირებით „ბილეთები.ჯი“–ს წარმომადგენელმა ფეხბურთის ფედერაციას წერილობითაც მიმართა და დასვა კითხვები, მიუხედავად ხარვეზებისა, რატომ ხდება იმავე კომპანიასთან, კერძოდ, Tkt.ge–სთან ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმება, მით უფრო, კონკურსის გარეშე?

  • „საიტი ისე იყო გადატვირთული, რომ ბილეთი ავირჩიე და გამომაგდო. სალაროსთან მივედი და უშველებელი რიგი დამხვდა, სამაგიეროდ საღამოს უკვე გადამყიდველებს ედოთ [ბილეთები]. ხომ შეიძლება წინასწარ არ დააანონსოთ ბილეთების ატვირთვის დღე და საათი. ასე უფრო იწვევთ ქაოსს. თან ერთად დებთ ორი თვის ანონს და ორი თვით ადრე“.
  • „სამუშაო დროს სალაროსთან მთელი დღე ვინც ვერ იდგება და უმოწყალოდ რომ ჭედავდა Tkt.ge, მაგ პრობლემას რა ეშველება? „ყიდვა“ ღილაკი უფუნქციო და გალენჩებული რომ იყო მთელი დღე? ბოლოს რომ ამუშავდა, გაყიდული აღმოჩნდა ყველა ბილეთი და ვერ ვხვდები, ჯადოქრობაა თუ ტექნიკაა სპეციალური?!“.
  • „რიგში მე–13 ვიყავი. ჩემს წინ მდგომი 12 ადამიანიდან 10 გადამყიდველი იყო. დაიტაცეს 10–15–ლარიანი ბილეთები. შემდეგ რეკვა დაიწყეს, ავიღოთ 25–ლარიანი ბილეთებიო?“.

ამასთან, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი მოტყუებული რჩება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბილეთის შეძენას ვერც ელექტრონულად და ვერც სალაროში ახერხებს, მიმართავს ე.წ. გადამყიდველს, ღონისძიებაზე მისული კი აღმოაჩენს, რომ ერთხელ უკვე გაყიდული ბილეთი შეიძინა და ისიც გაცილებით მაღალ ფასად.

მიუხედავად კონკრეტული ადამიანების პრეტენზიებისა, რაც მათსავე გამოცდილებას ეყრდნობა, საიტთან დაკავშირებულ ხარვეზებს არ აღიარებს პლატფორმა:

„საიტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. შეფერხება არ ყოფილა. დიდი მოთხოვნის გამო ჩართული იყო რიგის ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალოდ 10 წუთის მოცდის შემდეგ აძლევდა სასურველი ბილეთის ყიდვის საშუალებას. ამასთან, არის შეზღუდვები მოთხოვნად ღონისძიებებზე – ერთ მომხმარებელს კონკრეტულ რაოდენობაზე მეტი ბილეთის შეძენა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, კარგი იქნება შავი ბაზარი რომ დარეგულირდეს. ჩვენი მხრიდან, რაც არის ტექნიკურად ზომები მისაღები, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“.

ბილეთების ელექტრონულად გაყიდვის ბაზარზე არსებული მდგომარეობა რომ გარკვეულ რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს, ამაზე როგორც კერძო სექტორის ნაწილი, ისე ელექტრონული კომერციის სპეციალისტებიც საუბრობენ. მათი თქმით, ვინაიდან ერთი პლატფორმის საშუალებით ხდება ბილეთების შეძენა, ეს გარემოება საფრთხეს პირდაპირ უქმნის კონკურენტულ გარემოს, ამ პირობებში კი კომპანიის მხრიდან მომხმარებლის ინტერესი ნაკლებად არის გათვალისწინებული. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ სადღეისოდ მოქალაქეებსაც აქვთ ბერკეტი, კონკურენციის სააგენტოს მეშვეობით დაიცვან საკუთარი უფლებები. გარდა ამისა, ერთ–ერთ გამოსავალს იმაშიც ხედავენ, რომ თავად საბილეთო კომპანიებმა გარკვეული ლიმიტები დააწესონ, რათა ბილეთების მასობრივად შეძენის და შემდეგ მათი „შავ ბაზარზე“ აღმოჩენის რისკები შეამცირონ.

„თავად ბიზნეს სუბიექტებისთვის უნდა იყოს მომხმარებლის კმაყოფილება მნიშვნელოვანი. თუ ისინი ხედავენ, რომ მათი პლატფორმით ვიღაც ბოროტად სარგებლობს, დაინტერესებულები უნდა იყვნენ, რომ გარკვეული ლიმიტები დააწესონ მომხმარებლებისთვის, რათა არ მოხდეს ერთი პირის მიერ მასობრივად შეძენა ბილეთების, ამოყიდვა და შემდეგ „შავ ბაზარზე“ უფრო მაღალ ფასად გაყიდვა. ეს არ არის კარგი არც მომხმარებლისთვის და არც ბიზნეს სუბიექტისთვის, რადგან მათი რეპუტაცია დგება ეჭვქვეშ“ – ამბობს ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S