ნორვეგიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
28/03/2023 10:51:58 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე გაიმართა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი.
ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.
როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.
მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა, მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას", – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის: 25 მარტს ნორვეგიაში კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.
27 მარტს საქართველოს პრემიერ –მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილისთის ნორვეგიაში გადაცემული პრიზი არაფერს არ ნიშნავს, პირიქით, ის დაცინვაა ქართველი ხალხის:
„საშინელი ჯოჯოხეთური რეალობაა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. ამ ფონზე სააკაშვილი ნორვეგიის რომელიღაცა ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული შედეგებისთვის რაღაცით დააჯილდოვეს. ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე. ჩემთვის იგივეა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“.
27 მარტს საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა განაცხადა, რომ "გაოგნებულია სააკაშვილის ბრეივიკთან შედარების გამო".
28 მარტს თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან აქცია გაიმართა.
2011 წელს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოში და ცეცხლი გახსნა კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში. დაიღუპა 77, დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ტერორისტმა დანაშაული აღიარა. მას 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.


