
თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან აქცია იმართება
28/03/2023 07:23:35 საზოგადოება
თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, მათი პროტესტის მიზეზი ის ჯილდოა, რომელიც ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ნორვეგიის „კონსერვატიული პარტიისგან“ მიიღო.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ნორვეგიის ელჩთან შეხვედრას ითხოვენ და პოზიციის დაფიქსირებას, იზიარებს თუ არა ნორვეგიის მთავრობა „კონსერვატიული პარტიის” მიერ გაცემული ჯილდოს მიზანშეწონილობას.
აქციის მონაწილეების თქმით, "მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ამის შემდეგ, საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, მიუღებელია".
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
ცნობისთვის: 25 მარტს ნორვეგიაში კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.
27 მარტს საქართველოს პრემიერ –მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილისთის ნორვეგიაში გადაცემული პრიზი არაფერს არ ნიშნავს, პირიქით, ის დაცინვაა ქართველი ხალხის:
„საშინელი ჯოჯოხეთური რეალობაა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. ამ ფონზე სააკაშვილი ნორვეგიის რომელიღაცა ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული შედეგებისთვის რაღაცით დააჯილდოვეს. ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე. ჩემთვის იგივეა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“.
27 მარტს საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა განაცხადა, რომ "გაოგნებულია სააკაშვილის ბრეივიკთან შედარების გამო".
2011 წელს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოში და ცეცხლი გახსნა კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში. დაიღუპა 77, დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ტერორისტმა დანაშაული აღიარა. მას 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.