Accentnews.ge
პუტინის დაკავებისთვის მზადმყოფ ქვეყნებს "ბრიქსის" სახელმწიფოებიც უერთდებიან

პუტინის დაკავებისთვის მზადმყოფ ქვეყნებს "ბრიქსის" სახელმწიფოებიც უერთდებიან

22/03/2023 17:47:54 მსოფლიო

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გასულ კვირას გაცემული ორდერი, რომლის საფუძველზეც რუსეთის პრეზიდენტის დაკავება ხდება შესაძლებელი, ვლადიმირ პუტინის წინაშე რკინის ფარდას საბოლოოდ უშვებს. მისი დაკავებისთვის მზადმყოფ ქვეყნებს დღეს ტრადიციული პარტნიორი ბრაზილიაც შეუერთდა.

მანამდე ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი დაკავების შესახებ პუტინი გააფთხილა გერმანიამ. ანალოგიური პოზიცია აქვთ ცივილიზებული სამყაროს წევრ სხვა სახელმწიფოებსაც. ორიოდ დღის წინ პუტინმა იგივე გაფრთხილება არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან მიიღო. ამჯერად კი ხსენებულ სახელმწიფოებს რუსეთის თაოსნობით შექმნილი ერთობის - საერთაშორისო ორგანიზაცია „ბრიქსის“ (BRICS) წევრმა ქვეყნებმაც მიბაძეს და ერთი მეორეს მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს პუტინის დაკავებისთვის მზადყოფნის თაობაზე. მათ შორისაა ბრაზილიაც.

"ბრაზილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მონაწილეა და მკაცრად იცავს მის გადაწყვეტლებებს, ამდენად, ბრაზილიაში პუტინის შესაძლო ჩამოსვლას უდავოდ მოჰყვება შესაბაისი შედეგები" - განაცხადა Metropoles-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურო ვიეირამ.

"კრემლში ჯერ არ იციან, რა მოიმოქმედონ ჰააგის ორდერთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის სრულ მოულოდნელობად იქცა. დსთ-ის წევრი ქვეყნებიც კი აღარაა პუტიისთვის უსაფრთხო: რომის სტატუტი ხომ კაზახეთსა და ტაჯიკეთს აქვთ რატიფიცირებული და ეს პროცესი ამჟამად სომხეთშიც მიდის. გამოსავალი ერთია: პუტინმა თავი აარიდოს ვიზიტებს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მისი დაკავების რისკი არსებობს. თუმცა ეს, ცხადია, ძალიან ავიწროებს მის ისედაც ძალზე გაღატაკებულ საერთაშორისო კონტაქტებს და ამსხვრევს სახელმწიფო პროპაგანდას, რომელიც პუტინს "დასავლეთთან მებრძოლად" და "აფრიკის კოლონიალისტებისგან დამცველად" წარმოაჩენდა" - განუცხადეს გამოცემა "მედუზას" წყაროებმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

"ჰააგის ორდერი შესაძლოა, კიდევ უფრო საზიანო აღმოჩნდეს პუტინისთვის, ვიდრე სანქციები, რადგან ის რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი გარემოცვის წევრთა თვალშიც კი ტოქსიკურად აქცევს. თუ აქამდე პუტინი აკვირდებოდა, როგორ მოქმედებდა სანქციები მის გარემოცვაზე, ამიერიდან გარემოცვა აკვირდება, რა ბედი ეწევა თავად მას", - თვლის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრე ბაუნოვი.

და აი, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კატეგორიულად არ სურთ, პუტინი დამნაშავედ აღიარონ.

"დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბრალდება საკმარისი არ არის. [...] ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, ხოლო კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა", – ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, „რატომ ეშინია, პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს?“.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა: მან პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო დამნაშავე და თანაგუნდელების მსგავსად, იმაზე მოახდინა აქცენტირება, რომ "2022 წლის მარტში საქართველომ 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე გამოძიების დაწყების შუამდგომლობით, მაშინ, როდესაც მიმართვაზე ხელმოწერა 123 ქვეყანას შეეძლო".

საკითხს დღეს სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწფიო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა რომის სტატუტს და მონაწილეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, იხელმძღანელოს რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერით.

ცნობისთვის: 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომლის თანახმად, არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.

რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვალადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მას „ისტორიული" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S