Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა კი სასამართლოს საქმეა"

ირაკლი კობახიძე: "ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა კი სასამართლოს საქმეა"

21/03/2023 09:42:28 პოლიტიკა

"ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, ხოლო კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა", – ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, „რატომ ეშინია, რომ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს“.

მისი თქმით, დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბრალდება საკმარისი არ არის.

„დამნაშავის იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, სასამართლოს საქმეა. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ომის დასასრულს ვერ ვხედავთ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლო მომავალში, რაც ძალიან მძიმეა. ასეთ ვითარებაში ყველა მშვიდობის უზრუნველყოფაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

ისტორიული შედეგი უკრაინაში ომის დასრულება იქნება, ხოლო კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობა სასამართლოს საქმეა და მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

დაკავების ორდერის გაცემა არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბრალდება საკმარისი არ არის.

არავის არაფრის ეშინია. 2008 წელს გაგახსენებთ. სჯობდა, მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. შიში არის საჭირო მაშინ, როდესაც უნდა შეგეშინდეს. როცა არ უნდა შეგეშინდეს, მაშინ ხალხს სითამამე უნდა აჩვენო. წინა ხელისუფლება აკეთებდა პირიქით. ომის შიში არა მარტო გამართლებულია, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.

რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვალადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაწერა, რომ ეს არის „ისტორიული გადაწყვეტილება“.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ICC-ის გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა.

თავად ვლადიმირ პუტინს მისი დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S