Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე ომის წლისთავს ეხმიანება: "Слава Україні"

ირაკლი კობახიძე ომის წლისთავს ეხმიანება: "Слава Україні"

24/02/2023 06:23:04 პოლიტიკა

ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია – 450-ზე მეტი ბავშვი. ლტოლვილად და დევნილად იქცა 16 მილიონი უკრაინელი. ომმა გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა.

ომის დაწყებამდე ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არდასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა.

უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! Слава Україні! “, – წერს ირაკლი კობახიძე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. ომს უკვე ემსხვერპლა უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა.

უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინა და რუსეთი არ ასახელებენ დაღუპული სამხედრო პირების რაოდენობას. დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 200 000-მდე რუსი სამხედრო. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგი.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S