ბაიდენი – პუტინის გადაწყვეტილებაზე: "დიდი შეცდომაა"
22/02/2023 15:26:49 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დიდ შეცდომას უწოდებს.
ამის შესახებ ბაიდენმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში მისვლისას განაცხადა, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
21 თებერვალს პუტინი ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით წარსდგა. ღონისძიებაზე, რომელზეც არ დაუშვეს საერთაშორისო და დამოუკიდებელი მედია, პუტინმა თავი აარიდა ომში რუსეთის მნიშვნელოვან დანაკარგებზე საუბარს, როგორც ამას მიუთითებენ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები, მაგრამ კვლავ დაადანაშაულა უკრაინა „ნეონაცისტური რეჟიმის“ ხელმძღვანელობაში., განაცხადა, რომ ომი გაგრძელდება მანამ, ვიდრე „არ მოვაგვარებთ დასახულ ამოცანებს“ და ამაში კვლავ დასავლეთი დაადანაშაულა.
გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ შეიძლება, გადაიხედოს და მოსკოვი შეასრულებს ხელშეკრულების დასრულებამდე – 2026 წლამდე დადგენილ შეზღუდვებს.
თეთრმა სახლმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების „აბსურდულობა“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არავინ ესხმის თავს და რომ მას თავად შეუძლია, შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პუტინის გადაწყვეტილებას "ღრმად სამწუხარო და უპასუხისმგებლო" უწოდა.
სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებამ (START) სამი „მოდიფიკაცია“ გაიარა თავის ისტორიაში. პირველი იყო შეთანხმება სსრკ-სა და აშშ-ს შორის, შემდეგ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის. START-3 ხელშეკრულების უახლესი ვერსია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც New START, მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის, ითვალისწინებს ბირთვული ქობინების, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტების და მძიმე ბომბდამშენების შემცირებას. ორივე მხარის ინსპექტორებს შეეძლოთ ვიზიტი ობიექტებში, სადაც სტრატეგიული ბირთვული იარაღი და აღჭურვილობა ინახება.
2021 წლის 3 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის თებერვლამდე.
იხილეთ ასევე: ISW-მა განმარტა, რატომ გამოაცხადა პუტინმა ბირთვულ შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერება


