
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა
06/02/2023 16:35:35 საზოგადოება
მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატობა. შესაბამისად, მან არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა ისე, რომ არ გასულა სათათბირო ოთახში.
"ჩვენ 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს - საკითხი, რომელსაც ვიხილავთ უკვე ყველასთვის და განსაკუთრებით სასამართლოსთვის, ამ შემთხვევაში კარგად ცნობილია. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს", - თქვა მოსამართლემ. ამას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან, სკანდირებდნენ „მონებო!". იყო შეხლა–შემოხლა დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან. "მონებო!", "მკვლელებო!" – სკანდირებენ სასამართლოს ეზოში შეკრებილებიც.
გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
"მსოფლოს მასშტაბით კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი სასამართლომ",– თქვა ადვოკატმა.
ექს–პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, შემდეგი ნაბიჯი სტრატსბურგსთვის მიმართვა იქნება, ხოლო ენმ–ის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიის ოფისში ითათბირებენ გეგმაზე.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
იხილეთ ასევე: სააკაშვილი: „ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!"