„დაგვცინიან“: კადიროვის კრიზისი

02-02-2023 17:51:48 კავკასია ,ანალიზი

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი სასულიერო პირების წვრთნას შეუდგა: მათ რესპუბლიკის მუფტის სალახ მეჟიევის ხელმძღვანელობით სამხედრო მომზადება გაიარეს გუდერმესში, ე.წ. სპეცრაზმის რუსულ უნივერსიტეტში და განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ხელისუფლების მომხრე სასულიერო პირები მეზობელ ქვეყანაში რუსეთის შეჭრას „მუსლიმებისთვის წმინდას“ უწოდებენ და ამას იმით ხსნიან, რომ თითქოს უკრაინაში ავიწროებენ მუსლიმებს.

როგორც კადიროვმა თქვა, ტრენინგი მოიცავდა იარაღთან უსაფრთხო ურთიერთობის საბაზისო უნარების შესწავლას, პირველადი დახმარების გაწევას და გვარწმუნებს, რომ ისინი „ძლიერ წვლილს შეიტანდნენ გამარჯვებაში“, თუმცა როგორ, ზუსტად არ არის ცნობილი.

20 იანვარს Newstracker ჩეჩნეთის სამუფტოს პრეს–სამსახურში განუცხადეს, რომ სამხედრო სწავლების კურსს გაივლის ჩეჩნეთის ყველა იმამი და ყადი. საუბარია 300–მდე პირზე. ერთ–ერთმა მათგანმა ანონიმურობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ თავად სასულიერო პირებს არ აქვთ ინფორმაცია, იგეგმება თუ არა მათი ფრონტზე გაგზავნა.

როგორც ჩანს, აქტიურმა პროპაგანდამ, რომლის დროსაც აქტიურად გამოიყენება „ჯიჰადი“ და „ნაციზმის წინააღმდეგ“ ბრძოლის აუცილებლობა, არც ისე ეფექტურად ზემოქმედებს ჩეჩნების განწყობაზე, საკუთარი სიცოცხლე გარისკონ კრემლის ლიდერის ავანტიურისთვის: ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიჩივლა რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა, რომ მოხალისეთა პოვნა შეუძლებელი გახდა სახელფასო ანაზღაურების პირობითაც კი: არგუნში 412 დაბალშემოსავლიანი ოჯახიდან მხოლოდ სამი მამაკაცი დათანხმდა ახალ დანაყოფში გაწევრიანებას, მიუხედავად სამსახურის არქონისა. ამგვარი დამოკიდებულების გამო კადიროვმა არაერთგზის გააკრიტიკა თანამემამულეები და „ვაჟკაცობისა და რელიგიურობის“ დეფიციტში დასდო ბრალი. მაგალითად, აცხადებს, რომ ქრისტიანულ სახელმწიფოში მცხოვრები მუსლიმები ვალდებულნი არიან, იბრძოლონ მისი ინტერესებისთვის, თუმცა არაერთი მუსლიმი ღვთისმეტყველი არ იზიარებს მსგავს პოზიციას.

შატოის რაიონის ერთ-ერთი სოფლის იმამმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ისაუბრა სამუფტოს მუშაკთა შეშფოთებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საწვრთნელი კურსების მონაწილეები „არ გამოხატავდნენ სიხარულს და სიამაყეს იმის გამო, რაც ხდებოდა“ და რომ ბევრი მისი კოლეგა განიხილავს სამუშაოს შეცვლის შესაძლებლობას:

„მესმის, როცა ამისკენ ახალგაზრდებს მოუწოდებენ, მაგრამ რას აკეთებენ იქ იმამები, რომლებიც უკვე მეხუთე და მეექვსე ათწლეულში არიან? მათ რატომ დასცინიან? ვხუმრობდით, ვცდილობდით სიტუაციის განმუხტვას. მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, ხელისუფლების მხრიდან მუხთლობის შემაშფოთებელი გრძნობა არასდროს გვტოვებს".

პარალელურად, კვლავ მოდის ჩეჩნეთიდან ცნობები ომში ადამიანების იძულებით გაგზავნის შესახებ მას შემდეგაც, რაც რუსეთში მობილიზაცია დასრულებულად გამოცხადდა. ამ ფონზე, რესპუბლიკიდან მასობრივი გადინება გრძელდება - ჩეჩნური საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აქტივისტები სულ უფრო მეტ განცხადებას იღებენ დახმარების თხოვნით: 2022 წლის ცხრა თვის განმავლობაში სამჯერ მეტმა ადამიანმა დატოვა ჩეჩნეთი, ვიდრე 2021 წლის იმავე პერიოდში.

კავკასიოლოგი გელა ხმალაძე, რომელიც აკვირდება ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ განწყობებს, "აქცენტთან" ამბობს, რომ ომისადმი ძირითადად ინდიფერენტული დამოკიდებულება იგრძნობა, ეფექტურად არ მუშაობს „ჯიჰადის“ თაობაზე პროპაგანდა, თუ ვინმე მიდის საომრად, მატერიალური სარგებლის მიზნით, ხოლო ამ ვითარებაში კადიროვი ცდილობს, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, ამყოფოს მუდმივ დაძაბულობაში.

"მქონდა საუბარი მეგობრებთან ჩეჩნეთში და მათი განწყობაა, საზოგადოების მობილიზაციისთვის აკეთებს: სხვადასხვა ფენებთან რომ ჰქონდეს სათქმელი, „მუფტებიც მზად არიან საომრად და თქვენ ვინღა ხართ, უკან რომ იხევთო“. ფსიქოლოგიური ზეგავლენაა, რომ მობილიზაციას არ აარიდოს თავი",– ფიქრობს ხმალაძე და დასძენს, რომ კადიროვის მიზანია, ერთის მხრივ, თავი მოიწონოს კრემლთან, „ბევრნი ვართო“, მეორეც – როცა დასჭირდება, ადვილად მოახდინოს ნებისმიერი ასაკის და პროფესიის მამაკაცის მობილიზება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები