კადიროვი ჩეჩენი ხალხის დამოუკიდებლობის საკითხს წინააღმდეგობრივი განცხადებებით გამოეხმაურა

30-01-2023 17:27:01 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის სიტყვებს, რომ ჩეჩნეთი „დამოუკიდებლობას იმსახურებს“ და ევროპის ქვეყნები ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს არაღიარებული იჩქერიისადმი მხარდაჭერის ნაკლებობაში დაადანაშაულა.

„სად იყავით, როცა იჩქერიისთვის ვიბრძოდით? როცა დამოუკიდებლობის ინტერესებს ვიცავდით? რატომ არ დაგვიჭირეს მხარი ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის უკრაინამ [მაშინ]? დღეს კი მოულოდნელად გადაწყვიტეთ მხარი დაუჭიროთ არარსებულ სახელმწიფოს?“ - განაცხადა კადიროვმა თავის ტელეგრამ–არხზე.

მან დასძინა, რომ თავად იყო „მგზნებარე იჩქერიელი" და რომ თითქოს, ეს ევროპამ არ მისცა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეებს "საკუთარი სახელმწიფოს აშენების უფლება". ამის შემდეგ კადიროვმა იჩქერიის ამჟამინდელ მომხრეებს „მოღალატეები“ უწოდა, შემდეგ კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამართლების მცდელობაზე გადავიდა. ამ კონტექსტში მიმართა მან პოლონეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, „თქვენსკენ მოვდივართო“ და „დაჩოქებისკენ“ მოუწოდა.

მორავიეცკიმ 26 იანვარს ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ჩეჩნეთი "იმსახურებს დამოუკიდებლობას", რადგან რესპუბლიკის მაცხოვრებლები "ამისთვის მამაცურად იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში". ხოლო "რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იქ იყო ნგრევა და ბევრი სამხედრო დანაშაული“. მას იჩქერია არ უხსენებია, თუმცა თქვა, რომ „რუსეთის მეზობელს“ უსურვებს "ყველაფერ საუკეთესოს ნორმალური ქვეყნის, ნორმალური განვითარებისა და ნორმალური ურთიერთობების კონტექსტში."

1990 წლის ნოემბერში გროზნოში დაარსდა ეროვნული კონგრესი. მის ხელმძღვანელად მიიწვიეს ჩეჩნური წარმოშობის ერთადერთი გენერალი საბჭოთა არმიაში – ჯოხარ დუდაევი, რომელიც მაშინ ესტონეთში ცხოვრობდა. 1991 წლის 27 ოქტომბერს ჯოხარ დუდაევი აირჩიეს ჩეჩნეთის პრეზიდენტად, რამდენიმე დღის შემდეგ მან თავისი პირველი ბრძანებულებით ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამას მოჰყვა რუსეთის ორი სამხედრო კამპანია ჩეჩნეთში, შედეგად ათასობით მსხვერპლი, დევნილი. რუსეთ–ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რესპუბლიკამ დაკარგა დამოუკიდებლობა.

2022 წელს ჩეჩნეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საკითხი საერთაშორისო დონეზე პირველად წამოაყენა უკრაინელმა დეპუტატმა და ქვეყნის წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოლექსი გონჩარენკომ. მანამდე ის უმაღლეს რადაში ინტერფრაქციულ ასოციაციას „თავისუფალი კავკასიისთვის“ ხელმძღვანელობდა.

ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეები უკრაინის მხარეს 2014 წლიდან იბრძვიან, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია გამოაცხადა და მხარი დაუჭირა სეპარატისტებს დონბასსა და ლუგანსკში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები