
გიული ალასანია: "ვიმედოვნებ, ყველას მიეზღვება, ვინც ჩემი შვილის უკანონო პატიმრობაში, ტანჯვაში, მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა"
09/01/2023 08:22:22 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია "იმედოვნებს, რომ შედგება "მაგნიტსკის სიის" მსგავსი სია და ყველას მიეზღვება, ვინც მისი შვილის უკანონო პატიმრობაში, ტანჯვაში, მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა".
მისი თქმით, სასამართლო სხდომები ჭიანურდება, რაც მისი შვილისთვის ძალიან საზიანოა.
"ადამიანი არის მოწამლული და ვიდრე არ გამოვა ეს საწამლავი მისი ორგანიზმიდან, იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება, საერთოდ აღარ იყოს. სასამართლოები ჭიანურდება სამწუხაროდ, რაც მისთვის ძალიან საზიანოა, მაგრამ ამასობაში გამოვიდა მაკფოლის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია The Wall Street Journal–ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქ გაისმის ხანდახან ასეთი შენიშვნები, რომ აი სიმულიანტობს. სიმულიანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება, ყველანაირად გაცხრილულია და ზუსტად იციან რას ბეჭდავენ და ვის უბეჭდავენ. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ ბილ ბროუდერი, მონაწილეობს იმ სიის შედგენაში, რომელიც უკვე ეხება მიხეილ სააკაშვილს, "მაგნიტსკის სიის" მსგავსი შედგება აქ და მე იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება ვინც ამ უკანონო პატიმრობაში და ასეთ მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა", -განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც ვერ ესწრება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტს, შაჰინ ემანუელ ლაჰანის დაკითხავენ. ის ჩვენებას დისტანციურად მისცემს.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.