"შედეგები უფრო მასშტაბური იქნება": უკრაინა ირანს აფრთხილებს
13/12/2022 15:56:28 მსოფლიო
უკრაინა აფრთხილებს ირანს რუსეთისთვის იარაღის ახალი მიწოდების შედეგების შესახებ.
„ჩვენ არ გვაკვირვებს ირანის მორიგი პროტესტი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით. ტექნიკური შეხვედრის დროს უკრაინელმა ექსპერტებმა ირანელებს საკმარისი მტკიცებულებები მიაწოდეს. უკრაინის ტერიტორიაზე ირანული დრონებით თავდასხმის ასობით ფაქტია დაფიქსირებული. თეირანში როგორც არ უნდა სცადონ ვითარებიდან გამოძრომა, უკრაინულმა მხარემ ნათლად აჩვენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის შედეგები ირანისთვის გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობის პოტენციური სარგებელი“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.
რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამ ომში, როგორც უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რუსეთი იყენებს ირანული წარმოების კამიკაძე დრონებს ქალაქებზე თავდასხმებისთვის.
Washington Post-ის ცნობით, ირანი დათანხმდა, რუსეთს ფარულად მიაწოდოს Fateh-110 და Zofagha–ს მცირე რადიუსის „მიწა–მიწა“ ბალისტიკური რაკეტები.
5 ნოემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა პირველად აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთს კამიკაძე დრონები მიაწოდა, მაგრამ როგორც ირწმუნება, „უკრაინის ომამდე“.
იხილეთ ასევე: ირანი გეგმავს, შეზღუდოს რუსეთისთვის გადასაცემი რაკეტების მოქმედების რადიუსი - ისრაელის ოფიციალური პირები


