ირანი გეგმავს, შეზღუდოს რუსეთისთვის გადასაცემი რაკეტების მოქმედების რადიუსი - ისრაელის ოფიციალური პირები
13/12/2022 12:03:47 მსოფლიო
ირანს, საერთაშორისო რეაქციის შიშით, სურს, შეზღუდოს რაკეტების რადიუსი, რომელთა მიწოდებასაც გეგმავს რუსეთისთვის უკრაინის ომში გამოყენების მიზნით, იტყობინება Axios, ისრაელის ოთხ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაზვერვის ანგარიშებიდან.
ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებამ შესაძლოა, დაარღვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და აამოქმედოს მექანიზმი, რომელიც ისევ დააწესებს გაეროს სანქციებს ირანის წინააღმდეგ, – წერს გამოცემა.
ისრაელის ოთხმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ საერთაშორისო ზეწოლამ თეირანს არ შეუშალა ხელი რუსეთში რაკეტების გაგზავნაში და რომ ირანი აპირებს, მალე განაგრძოს მიწოდება. მაგრამ საერთაშორისო ზემოქმედების შესამცირებლად და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევის გვერდის ავლის მიზნით, ირანი გეგმავს რუსეთს მიაწოდოს მხოლოდ 300 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მოქმედი რაკეტები და მოდიფიცირება განახორციელოს სხვა რაკეტების, რათა დარჩეს რეზოლუციის ფარგლებში,– განაცხადეს ისრაელის ოფიციალურმა პირებმა. კერძოდ, საუბარია Fateh-110 სარაკეტო სისტემაზე, რომლის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია, თუმცა ირანელები გეგმავენ, მის მოდიფიცირებას, რათა არ დაარღვიოს რეზოლუცია.
ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ირანელებმა განიხილავდნენ Zolfaghar–ის რაკეტების მიწოდებას, რომლის მოქმედების რადიუსი 700 კილომეტრია, მაგრამ გადაიფიქრეს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გაეროში ირანის წარმომადგენელმა ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს.
როგორც ისრაელის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, იმედოვნებენ, რომ ირანის რუსეთისადმნი მხარდაჭერას გამოიყენებენ თეინარზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის საშუალებად.
თეთრმა სახლმა უარი თქვა კომენტარზე, მაგრამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ შეშფოთებულია ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებით მიწოდების შესაძლებლობით.
რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამ ომში, როგორც უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რუსეთი იყენებს ირანული წარმოების კამიკაძე დრონებს ქალაქებზე თავდასხმებისთვის.
Washington Post-ის ცნობით, ირანი დათანხმდა, რუსეთს ფარულად მიაწოდოს Fateh-110 და Zofagha–ს მცირე რადიუსის „მიწა–მიწა“ ბალისტიკური რაკეტები.
5 ნოემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა პირველად აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთს კამიკაძე დრონები მიაწოდა, მაგრამ როგორც ირწმუნება, „უკრაინის ომამდე“.


