კრემლი "ბაიდენის პირობებით" მოლაპარაკებებს არ აპირებს
02/12/2022 10:36:15 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის საკითხზე "მოლაპარაკებებისთვის მზადაა", მაგრამ მათ დასაწყებად ჯარის გაყვანას არ აპირებს. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის საპასუხოდ განაცხადა.
"მან [ბაიდენმა - რედ.] თქვა, რომ პირველი - პუტინი უკრაინიდან უნდა გავიდეს. მისი აზრით, სწორედ ესაა და ეს უნდა იქცეს იმის დემონსტრირებად, რომ პუტინი მოლაპარეკებებისთვის ნამდვილად მზადაა" - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, აშშ არ აღიარებს უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს "მნიშვნელოვნად ართულებს მოლაპარაკებებისთვის საფუძვლების ძიებას", ზოგადად კი, "რუსული მხარე მშვიდობიან დიპლომატიურ შესაძლებლობებს ანიჭებს უპირატესობას".
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ ის "რეალურად დაინტერესდება უკრაინაში ომის დასრულებით". მან აღნიშნა, რომ მსგავს მოლაპარაკებებს ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციით წარმართავს, თუმცა ამ ეტაპზე პუტინთან საუბარი მის დღის წესრიგში არ დგას.


