
თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ მოზარდს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ – საგარეო
17/11/2022 14:32:54 საზოგადოება
თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ, გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
ქართველი მოზარდი მარიამ გოგიაშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მის გადმოსასვენებლად დახმარებას ითხოვდნენ, რადგან კლინიკაში დავალიანება 44 ათასი აშშ დოლარი ჰქონდათ, მისი დაფარვის გარეშე კი სამედიცინო დაწესებულება გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენების საშუალებას არ იძლეოდა.