ლავროვი: "უკრაინა აყენებს პირობებს, რომლებიც აშკარად არარეალისტურია"
15/11/2022 14:30:55 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პირობები, რომლებსაც ის უყენებს მოსკოვს მოლაპარაკებების განახლებისთვის, „არარეალისტურია“. ამის შესახებ ლავროვმა ინდონეზიაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე განაცხადა.
„ყველა პრობლემა უკრაინის მხარესაა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს მოლაპარაკებებს და აყენებს პირობებს, რომლებიც აშკარად არარეალისტურია,“– თქვა ლავროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
როგორც ლავროვმა თქვა, მოსკოვის ეს პოზიცია მან წარადგინა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე, ასევე განუმარტა მოლაპარაკებებზე რუსეთის პოზიცია გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც.
15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ფორმატში მიმართა „დიდი ოცეულის“ ლიდერებს და მოუწოდა მისი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისკენ.
მისი თქმით, კიევს აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის და მისაღებია გადაწყვეტილებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს.
უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია.
მანამადე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან.


