"მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად კაპიტულაციის ტოლფასი პირობები წაუყენეს, დნესტრისპირეთიდან გასვლის ჩათვლით"
13/11/2022 15:49:10 მსოფლიო
მოსკოვმა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პირობების შესახებ წინადადება მიიღო, - იუწყება რუსი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი ვალერი სოლოვეი კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს პირობები უკრაინულ მხარესთან უკვე შეთანხმებულია და არსობრივად, რუსეთის კაპიტულაციის ტოლფასი.
წინადადებები, მისი ინფორმაციით, შემდეგში მდგომარეობს:
- რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას სრულად ტოვებენ (დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც რუსეთს უკვე "ფედერაციის სუბიექტებად" აქვს გამოცხადებული);
- ყირიმის სტატუსის საკითხი 7 წლით "იყინება", თუმცა ნახევარკუნძული დემილიტარიზებულ ზონად ცხადდება (პოლიციასა თუ მესაზღვრეებს მხოლოდ სასროლი იარაღის ფლობის უფლება შეიძლება, ჰქონდეთ);
- რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმს ტოვებს;
- რუსეთსა და ბელარუსთან უკრაინის საზღვრებზე ყალიბდება 100 კმ სიგანის დემილიტარიზებული ზოლი, რომელშიც მძიმე შეიარაღების გამოჩენა იკრძალება;
- რუსეთი დნესტრისპირეთს ტოვებს (მხედველობაშია იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზა);
- 2023 წელს დნესტრისპირეთის რეგიონი რეინტეგრირდება მოლდოვას შემადგენლობაში და რუსეთი ვალდებულებას იღებს, ამას ხელი არ შეუშალოს.
ამ 6 პირობის სანაცვლოდ უკრაინა იღებს ერთადერთ ვალდებულებას, - 7 წლის განმავლობაში ნატო-ში არ გაწევრიანდეს.
სოლოვეის წყაროების ინფორმაციით, სამშვიდობო შეთანხმების აღსრულების გარანტორობა უკვე ითავა მსოფლიოს 6-მა წამყვანმა სახელმწიფომ.
ამგვარად, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმების პირობები მოლდოვას დეოკუპაციასაც მოიცავს.
საქართველო კი, კერძოდ, ქვეყნის დეოკუპაცია, თუ სოლოვეის კრემლელ წყაროებს დავუჯერებთ, შეთავაზებული შეთანხმების პირობებში არ ფიგურირებს.
"რა თქმა უნდა, კრემლი ხვალ და ზეგ არ დათანხმდება ამ პირობებს. მაგრამ როცა მოუწევს დათანხმება, მაშინაც დაახლოებით ასეთი იქნება უკრაინა+დასავლეთის მოთხოვნები", - თვლის რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.
რაც შეეხება საქართველოს, მისი აზრით, თუ შავი ზღვის ფლოტი ყირიმიდან გავა, რუსები მას რუსეთის გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთშიც განათავსებენ.
მკვლევარი რუსეთისადმი ზემოთხსენებულ მოთხოვნებში საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებული პირობის არარსებობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამის მიზეზების საკუთარ ხედვას სოცქსელში ასე აყალიბებს:
"მოთხოვნებში არაა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია, არც საქართველოს სიახლოვეს მძიმე ტექნიკის განთავსებაზეა შეზღუდვა, - საერთოდ არაა ნახსენები საქართველო. ისმის კითხვა: საქართველომ დასავლეთთან იმუშავა ამ მიმართულებით? პასუხი: პრემიერი ირანის ელჩს ხვდება, პარლამენტის თავმჯდომარე კორეაშია, საგარეო საქმეთა მინისტრი ალბათ, ლოკოკინების მორიგ ფერმას ხსნის, სამთავრობო პარტიები და მედია კი დილა-საღამოს დასავლეთს აგინებს. ასეთია “რუსეთის არგაღიზიანებისა” და “აბა, ომი გინდას” მძიმე პოლიტიკური ფასი. თუ არ გინდა დასავლეთი (ქვეყანაზე მსჯელობენ მისი ხელისუფლების პოზიციით) და თუ არ ილაპარაკე შენს პრობლემებზე, სხვა რატომ მოიკლავს შენს გამო თავს?! პოლიტიკა ყოველთვის მკაცრია. ყოველთვის მოგეცემა ის, რასაც იმსახურებ".
ცნობისთვის: უკრაინის მმართველი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერ დავით არახამიას განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების შანსი შესაძლოა, 2023 წლის მეორე ნახევარში გაჩნდეს.
„ხერსონის გათავისუფლებამდე ბევრი საუბარი იყო მოლაპარაკებების შესახებ. იყო სკეპტიკური პუბლიკაციებიც დასავლურ პრესაში. დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთში მოპოვებული წარმატებების შემდეგ ეს უკვე აღარაა აქტუალური. ჩვენმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ განსაზღვრა ის პირობები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება რუსეთთან რაიმეზე საუბარი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა ზიანის ანაზღაურება, ომის დამნაშავეთა დასჯა და მტკიცე გარანტიები, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ჩვენი მოკავშირეების ელექტორალური ციკლი, ისე ოკუპანტის. მაგრამ ჩვენი პოზიცია ამის გამო არ იცვლება. უკრაინა მაშინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, როცა ჩვენი პირობები შესრულდება“ - წერს არახამია „ტელეგრამში“ და იქვე დასძენს, რომ "ახლა რუსეთს გადაჯგუფებისა და ძალების აღდგენისთვის სჭირდება პაუზა, რის საშუალებასაც უკრაინელები არ მისცემენ".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამ დღეებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან მოლაპარაკებების ვადებიც, შინაარსიცა და ფორმატიც მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის პრეროგატივად რჩება.
ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებენ დიდ ბრიტანეთშიც. შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსის, ადმირალ ტონი რადაკინის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადასაწყვეტია. "ჩვენ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა და ვაღიაროთ, რომ ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც განსაზღვრავს თავისი ერის პოზიციას, გადაწყვეტს, როდის იქნება შესაფერისი მომენტი მოლაპარაკებისთვის" - აღნიშნა მან.


